24/08/2023
20:36
ეკონომიკა
საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლამდე ორი კვირა დარჩა. სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს პორტფელის ცვლილება 7 სექტემბრამდე რამდენიმე გზით შეუძლიათ. კერძოდ: პირადი ელექტრონული გვერდიდან - my.pensions.ge; ასევე შესაძლებელია მონაწილემ არჩევანი იუსტიციის სახლებიდან, ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე ხელახალი არჩევანის გაკეთება 12 თვის გასვლის შემდეგ ისევ შეეძლება. ამას 2018 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს.
ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც წელს, 7 სექტემბრამდე თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრების მომენტისთვის:
• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
შეგახსენებთ, საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, 5 წლის მანძილზე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში იყო შესაძლებელი. ახლა სქემას დაემატა მაღალრისკიანი და საშუალორისკიანი ინვესტირების შესაძლებლობები.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე Bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე 4 000-მდე ადამიანს აქვს გადაწყვეტილება მიღებული საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილებაზე.
“სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება, თუმცა მაღალი მომართვიანობა არ არის. ამ ეტაპზე 4 ათას ადამიანამდეა და მომართვიანობა საკმაოდ მცირეა. პორტფელებში გადანაწილება, რასაც კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ოპტიმალურია. მონაწილეებიც ხვდებიან, რომ პორტფელებში გადანაწილება ასაკობრივი ზღვრის მიხედვით სწორია", - ამბობს მელიქიძე.
BMG-ის კითხვაზე - რას უკავშირებს სააგენტო დაბალ აქტივობას, მელიქიძე პასუხობს, რომ მონაწილეებს ესმით, რატომ გადაანაწილეს ასაკის მიხედვით, იზიარებენ ამ პოლიტიკას და ეთანხმებიან მას.
“დაბალი მომართვიანობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ინფორმირებული არ არის, არამედ იმას, რომ სწორად არის პორტფელებში გადანაწილებული და მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება ეს. კანონი ამბობს, რომ მონაწილეების საუკეთესო ინტერესები რომ იყოს დაცული, იმ მონაწილეს, რომელიც 40 წლამდეა სასურველია პორტფელში ჰქონდეს ბევრი აქცია, რადგან ისინი ყველაზე კარგი ზრდის მომტანია, ხოლო ის მონაწილე, რომელიც ახლოსაა საპენსიო ასაკთან, სასურველია, ნაკლები აქცია ჰქონდეს პორტფელში, რომ მაღალი რისკი არ ატაროს", - ამბობს გოგა მელიქიძე და დასძენს, რომ როცა ადამიანს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო დრო, სასურველია იყიდოს გრძელვადიანი აქციები და ის გრძელვადიან სარგებელს მოიტანს.
რისკების შესახებ დეტალურად, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
0
0