25/11/2023
19:53
კონფლიქტები
საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ამოქმედდა "ყველა არსებული მექანიზმი".
"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად". – წერია განცხადებაში.
აქამდე, 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ სუს-მა ცნობა 20 ნოემბერსაც გაავრცელა, თუმცა პირი მალევე გაათავისუფლეს.
0
0