17/01/2022
17:54
საზოგადოება
შეკრებილები ითხოვენ, დევნილი მამაკაცის სუიციდის ფაქტის გამო მომხდარი ტრაგედია გარდაცვლილის ღირსების შელახვით არ გადაფარონ.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გუშინდელი ტრაგედიაა, სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ მსგავსი შემთხვევების შემდეგ ისმის. სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რომელსაც გუშინდელი დღის მერე ვაწყდებით. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო ტრაგედიის მიზეზის სხვადასხვა გზით გადაფარვის მცდელობა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. დღეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად ვდგავართ აქ, ბატონო მინისტრო, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები კვდებიან, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავს გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.
გამოითქვა ვარაუდი ფსიქიკური პრობლემების, სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების, ვითხოვთ სხვა შესაძლო ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კავშირი სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის. სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტად არ იქცა, მაშინ როცა ამ ტრაგედიის ფონზე ყველა თავდახრილი დავდიოდეთ, რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომელსაც ჩვენი დაცვა ევალება.
ჩვენ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ბატონი ზურის ცხედარს და სახელსაც. გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა. 29 წელია ვცხოვრობთ ასეთ პირობებში, ყველაფერი დავკარგეთ, ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული უფლების აღსრულებას, ვითხოვთ შეიარაღებული კონფლიქტისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით გარდაცვლილი ადამიანის სახელს და მის ოჯახის წევრებს“, - აცხადებენ დევნილები.
ინფორმაციისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
16 იანვარს, თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024