06/06/2022
17:01
მსოფლიო
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარებაში წვლილის შეტანა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთს აზერბაიჯანთან განსაკუთრებით მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანის ისტორიული მიწების დეოკუპაციის წყალობით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის პირობები შეიქმნა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა პარტნიორობის დონეზეა.
მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით, სხვა სფეროებთან ერთად ლოგისტიკა და ენერგეტიკა თურქეთისთვის წარმატებულ სფეროდ რჩება.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვიზიტი თურქეთში.
0
0