22/06/2022
12:55
მსოფლიო
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე პროვინციაში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა, ევაკუირებულია ასობით ათასი ადამიანი. წყალდიდობის დონემ 50-წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა.
მდინარის ნაპირებთან მცხოვრებ პირებს მაღალ ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდეს. გუანდონგის პროვინციაში მდებარე ქალაქი შაოგუანი ყველაზე მეტად დაზარალდა. ოფიციალურმა პირებმა წყალდიდობის შესახებ განგაშის სიგნალის გაგზავნის ბრაძანება გასცეს.
სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად, 485,000 ადამიანი დაზარალდა. განადგურებულია 43,300 ჰექტარი მოსავალი. ჩინეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ცენტრმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს და მდინარე პერლის აუზში წყლის დონე ისევ აიწიოს.
მეტეოროლოგების თქმით, 1961 წლის შემდეგ რეგიონში ეს ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირებული ნალექია.
სამხრეთ ჩინეთში ზაფხულის წვიმიანი სეზონი რეგულარულად იწვევს წყალდიდობას, ატმოსფერულ მდგომარეობას კლიმატის ცვლილებაც ამძიმებს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბევრ რაიონში კი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა.
0
0