30/11/2022
23:51
კულტურა
სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა გამოფენა - „ჰენრიკ ჰრინევსკი, კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“.
30 ნოემბერს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების მე-100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში აკადემიაში გაიხსნა გამოფენა ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჰენრიკ ჰრინევსკის 200-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო დაცული სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში და ახლა პირველად გამოიფინა. ამ ექსპოზიციით იხსნება სამხატვრო აკადემიის ისტორიისა და მნიშვნელობის ამსახველი ციკლი, რომელიც მოიცავს გამოფენებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს პრეისტორია და ის ძირითადი პროცესები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა1922 წელს ამიერკავკასიაში პირველი სამხატვრო აკადემიის შექმნას.
სამხატვრო აკადემიის, როგორც სახელოვნებო სასწავლებლის, ფორმირების პროცესი ოფიციალურად დაარსებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. თბილისში სამხატვრო კლასები მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან შეიქმნა „კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების“ ბაზაზე.
პოლონელ-ქართველი მხატვარი და ხუროთმოძღვრების მკვლევარი ჰენრიკ ჰრინევსკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. იგი 1918-1921 წლებში იყო „კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების“ დირექტორი, ხოლო 1922 წლიდან - სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პროფესორი. სწორედ განათლების ფორმების შესახებ მისმა შეხედულებებმა და იმდროინდელი ევროპული ტენდენციების ცოდნამ განსაზღვრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კონცეფციის ჩამოყალიბება.
გამოფენა 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
0
0