12/10/2024
18:29
არჩევნები 2024
სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 ოქტომბერს შტაბის გახნა არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაგალითი, იგი სახელმწიფო რესურსს პარტიული მიზნებისთვის იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 26 ოქტომბერს შტაბის გახსნასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, მე რომ გავაკეთო განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტში მექნება ქართული ოცნების შტაბი 26 ოქტომბერს; პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება, რომ მთავრობის კანცელარიაში 26 ოქტომბერს დილის 9 საათიდან იმუშავებს „ქართული ოცნების“ შტაბი; ქალაქის მერმა განაცხადოს, რომ დილიდან იქნება შტაბი იქ შექმნილი. წარმოგიდგენიათ რა წივილ-კივილი ექნებათ ე.წ ადგილობრივ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. აი ეს არის დამკვირვებლების სახელმძღვანელოში შესატანი მაგალითი, სახელმძღვანელო მაგალითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა.
ეს არის სახელმწიფო რესურსის გამოყენება – შენობა, ყველაფერი რაც მის ლოგისტიკასთან არის დაკავშირებული, გამოიყენება პარტიული მიზნებისთვის. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვება უნდა იზეიმოს იქ, ანუ უნდა იზეიმოს თავისი ფლანგის გამარჯვება, არა ქვეყნის გამარჯვება, ან რომელიმე ნებისმიერი პარტიის გამარჯვება. ამის იქით არის უკვე კონსტიტუციის დარღვევა. ყველას ხომ ახსოვს, როგორი პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნა გვინდოდა ჩვენ, მათ შორის კონსტიტუციის 2017 წლის ცვლილებებით. ეს არის არაპარტიული, აპოლიტიკური პრეზიდენტი და რა შეგვრჩა ხელში – შეგვრჩა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი. ესეც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის დარღვევაა. თუმცა, ქალბატონი სალომე კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა, აქ გასაკვირი არაფერი არ არის, ამიტომაც არის ახლა ინიცირებული იმპიჩმენტის პროცესი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0