18/06/2023
11:52
სპორტი
კვიპროსის ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში დამარცხების (1:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და გულდაწყვეტილმა თქვა, რომ საშინაო შეხვედრაში მეტოქეს უფრო მეტი ადამიანი ქომაგობდა.
„არ ვარ ის ადამიანი, ვინ დამარცხებით კმაყოფილია, მაგრამ ეს მაინც სათქმელია – ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა დავმარცხდით, შედეგი კი მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები ტექნიკური კუთხით გვჯობდა, კარგი ცვლილებებიც განახორციელეს და თამაში მოიგეს. კაროს ტრავმის გამო ჩვენ ერთი საჭირო ცვლილება დაგვაკლდა. ვფიქრობ, უფრო მეტს ვიმსახურებდით.
რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მომიწია გუნდის მომზადება – საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და ხუთი წელი ამ გუნდის მწვრთნელიც ვიყავი. მეორე მხრივ, 35 წელია კვიპროსზე ვცხოვრობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი საქმე პირნათლად შევასრულო. საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და წარმოუდგენელი იყო, რომ მატჩს საქართველოდან 2000 ქომაგი დაესწრო, კვიპროსს კი მხოლოდ 500 ადამიანი გულშემატკივრობდა.
რთული თამაში იქნება ნორვეგიასთან, რადგან ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მათაც სურთ შედეგი. ვეცდებით, დავისვენოთ და თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
0
0