15/05/2023
20:42
კულტურა
დედაქალაქის საკრებულოში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაციის „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელზედაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა და ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ პრეზენტაცია მოეწყო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს, საჩუქრად თამარ მეფის ხელნაწერის ასლი გადასცა.
თავის მხრივ, გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებისადმი სიტყვით მიმართვისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს მადლობა გადაუხადა, ქართული კულტურის, მისი მატერიალური ძეგლებისა და ჩვენი უძველესი ისტორიის მსოფლიო პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალი ორგანიზაციის წევრებს შემოქმედებითი წარმატება უსურვა.
„უნიკალური ქართული კულტურის, მისი მატერიალური ძეგლების, სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტების, ჩვენი უძველესი ისტორიის პოპულარიზაცია და მსოფლიოსთვის გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამ მიმართულებით სხვადასხვა ინსტიტუციისა და ორგანიზაციის ჩართულობას ყოველთვის მივესალმებით. მათ მიმართ იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა მსგავსი ტიპის წამოწყებებში.
სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა, რომელიც შოთა რუსთაველის ხსენების დღეს უკავშირდება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისა და სხვადასხვა პროფესიის ქალების მიერ ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას დაემთხვა. ამ ორგანიზაციის თაოსნობით ჩატარებული გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილია თამარის ეპოქის ხელნაწერები და „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ნუსხა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში. ასეთ სასიამოვნო და სიმბოლურად დატვირთულ დღეს ვუსურვებ მათ წარმატებას, წინსვლას და დასახული მიზნების განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა.
„საკრებულო რუსთაველის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მასპინძლობს. აქვე გაიმართა ორგანიზაციის „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეცნიერებაში ქალების როლის გაძლიერებაა. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები ქალები არიან. მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ორგანიზაციას და მათთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ააიპ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ დირექტორი ლანა გრძელიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე ინესა მერაბიშვილი.
ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ საქართველოს სიძველეთსაცავებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვის, მათ შორის საავტორო უფლებების დაცვის, მოვლა-პატრონობის, პოპულარიზაციის, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი, სარესტავრაციო-საკონსერვაციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
ამასთან, დამფუძნებელთა ინტერესს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ამ სფეროში საკონსულტაციო სახის საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, სასწავლო პროცესში ჩართვა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება წარმოადგენს.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული თამარ მეფის ეპოქასთან დაკავშირებული ხელნაწერების ასლები და ამ პერიოდის ხელნაწერების ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერები, მკვლევრები, საკითხით დაინტერესებული პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
0
0