22/09/2024
11:27
სპორტი
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალის ჩატარების ადგილი.
გადამწყვეტი შეხვედრა 18 დეკემბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.
ტირნირის პირველი ფინალისტი ცნობილია – მადრიდის „რეალი“, რომელსაც ეს პატივი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ერგო. ფინალის მეორე მონაწილე გაირკვევა პლეი ოფის მეშვეობით, რომელიც სამეტაპიანი იქნება.
პირველ ეტაპზე (A ეტაპი) ითამაშებენ აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგების გამარჯვებულები. ისინი ერთმანეთში ორ სტადიად გაარკვევენ ურთიერთობას: პირველ სტადიაზე ოკეანეთის წარმომადგენელი შეხვდება აფრიკის ან აზიის წარმომადგენელს (ამ მატჩის მონაწილე გაირკვევა წილისყრის მიხედვით) და მოგებული მეორე სტადიაზე შეხვდება იმ გუნდს, რომელიც პირველ სტადიაზე თავისუფალი იყო.
მეორე ეტაპზე (B ეტაპი) ერთმანეთს შეხვდებიან კონკაკაფ-ის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) და კონმებოლ-ის (სამხრეთ ამერიკა) საუკეთესო გუნდები. A და B ეტაპები გაიმართება შესაბამისი კონფედერაციების მოედნებზე, ოღონდ ვინ იქნებიან მატჩების მასპინძლები – წილისყრის შედეგად გაირკვევა.
მესამე ეტაპი იქნება პლეი ოფი. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან A და B ეტაპების გამარჯვებულები და ამ მატჩში მოგებული ფინალში დაუპირისპირდება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს.
პირველი და მეორე ეტაპის მატჩების თარიღები ჯერ უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, როდის გაიმართება პლეი ოფის შეხვედრები. A და B ეტაპების გამარჯვებულების მატჩი 14 დეკემბერს იქნება, ფინალი კი – 18 დეკემბერს.
ამ მომენტისთვის ცნობილია საკონტინენტთაშორისო თასის ექვსიდან ხუთი მონაწილე:
ევროპა – რეალი (ესპანეთი)
კონკაკაფ-ი – პაჩუკა (მექსიკა)
აზია – ალ-აინი (საამიროები)
აფრიკა – ალ აჰლი (ეგვიპტე)
ოკეანეთი – ოკლენდი (ზელანდია)
კიდევ ერთი მონაწილე 30 ნოემბერს გაირკვევა, როცა კოპა ლიბერტადორესის ფინალი გაიმართება.
0
0