29/08/2024
11:20
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული კანონის წინააღმეგ საკონსტიტუციო სასამარლოს მიმართეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციბმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი:
№1828 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის: (ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; (ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით; (გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; (დ) მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მიმართებით; (ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; (ვ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
№1829 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
№1834 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: (ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
№1837 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024