27/02/2022
11:03
მსოფლიო
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შევხვდეთ, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. ნებისმიერი სხვა ქალაქი ჩვენთვის შესაფერისია რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები არ დაფრინავს ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოლაპარაკება იყოს პატიოსანი და ომის დასრულება რეალური".- ამბობს ზელენსკი.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. პესკოვის თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ბოლო მონაცემებით, ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
0
0