26/10/2024
12:14
არჩევნები 2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არჩევნებზე გამოცხადდა.
პრემიერმა საგანგებო მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის.
"მოხარული ვართ, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტივობა - 320 000-ზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე, იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და გააკეთა საკუთარი არჩევანი. თითოეულ ამომრჩეველს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მაღალი აქტივობა დაფიქსირდება მომდევნო საათების განმავლობაშიც.
საგანგებოდ მინდა გადავუხადო მადლობა ჩვენი პარტიის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მობილიზაცია არის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლის მობილიზაციაზე ზრუნვას იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს დღეს საკუთარი არჩევანი," - აცხადებს პრემიერი.
დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.
0
0