18/03/2024
17:41
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ამის შესახებ შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. სუბირ ლალის განმარტებით, ფონდი წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
„2023 წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ“, - განაცხადა სუბარ ლილიმ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და ფინანსთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე სუბირ ლალმა IMF-მისიის ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორების, მათ შორის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ზრდის მოლოდინები გააუმჯობესა.
განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.
ბრიფინგზე გამოვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს პროდუქტიული შეხვედრებისა და განხილვებისთვის. მისივე განცხადებით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია 3-პროცენტიან მიზნობრივ დონეზე ნაკლებია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლებადი ტენდენცია და დაბალი ინფლაციური მოლოდინები განაპირობებს. ამან მოგვცა საშუალება ეტაპობრივად დაგვეწყო გამოსვლა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან. სებ-მა ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ ასევე შეაფასა არსებული გეოპოლიტიკური რისკები და გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებადობის არაპროგნოზირებადობა. გამოწვევებზე საუბრისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალ დედოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას.
„ამ მხრივ გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება - დოლარიზაცია შემცირდა დეპოზიტების მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტივია. თუმცა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც აღინიშნება კიდეც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან და ეს გვაძლევს საფუძველს, კვლავ გავაგრძელოთ დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარება, რომლის მთავარი მიზანი შესაძლო სავალუტო რისკებისგან არაჰეჯირებული მსესხებლების დაცვაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბოლო მიღებული გადაწყვეტილება - დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნა დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა ბრიფინგზე ნათია თურნავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორმა სრულად აღიდგინა პანდემიისას გამოყენებული ბუფერები და სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს.
„გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც, უმოქმედო სესხების დონე ბოლო ათწლეულების მინიმუმზეა. შემცირებული საკრედიტო დანაკარგების ფონზე, 2023 წელი ბანკებისთვის კვლავ პოზიტიური იყო მომგებიანობის კუთხით. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, გაზრდილია საბანკო სექტორის მდგრადობა შოკების მიმართ და ამას ადასტურებს სტრეს-ტესტის შედეგებიც. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება და ეტაპობრივად იხურება სესხების მშპ-სთან ფარდობის უარყოფითი გეპი. ამასთან, სესხის ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი ბიზნეს დაკრედიტებაა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
0
0