26/06/2024
17:25
სამართალი
ბერძნული გამოცემა „პროტო თემა“ ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, მოლდოვასა და საბერძნეთის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრის შესახებ, რომელიც ათენში გაიმართა. „შეკრებაში“ 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ სამი მათგანი დააკავა.
გამოცემის ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საბერძნეთის პოლიციის განყოფილებამ მიიღო ინფორმაცია, რომ საბერძნეთში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უცხოეთიდან ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები დაესწრებიან. პოლიციამ იცოდა ამ შეხვედრის ადგილი და მონაწილეები მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.
შეხვედრის მიზანი უცნობია. თუმცა, საბერძნეთის პოლიციის ცნობით, მისი მონაწილეები გარკვეული სახის „სერიოზულ დანაშაულს“ ამზადებდნენ - წერს გამოცემა.
პოლიციამ დააკავა შეხვედრის სამი მონაწილე მოლდოვადან, უკრაინიდან და რუსეთიდან. მედიის ცნობით, უკრაინელი რუსეთში ყაჩაღობასა და ქურდობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ესპანეთში კიდევ ერთ დაკავებულს ბრალი წაუყენეს დანაშაულის ჩადენაში, მეორეს კი იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში, წერს გამოცემა.
გამომძიებლები ახლა ადგენენ, ეკუთვნიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალურ ჯგუფებს, როგორიცაა Vor V Zakone.
0
0