04/10/2024
08:31
სამართალი
ადვოკატი კესარია აბრამიძის ოჯახის მოთხოვნახე საუბრობს და ამბობს, რომ მოკლული ტრანსგენდერი ქალის ოჯახის მოთხოვნაა, მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს.
"არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხრიდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება - ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი.
სად არის აქ ან აფექტი, ან შეურაცხადობა? ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლების აღკვეთას. ოჯახის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ დადგეს გამამატყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვროს თავისუფლების უვადო აღკვეთა", - ამბობს ადვოკატი.
ინფორმაციისთვის, 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024