04/01/2024
20:04
ეკონომიკა
კვლევითი ორგანიზაცია „გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოსთვის 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში სხვადასხვა სცენარია განხილული.
როგორც დოკუმენტში წერია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ორგანიზაციის 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. შესაბამისად, შემუშავებულია ორი სცენარი – საბაზისო და ოპტიმისტური. ამ უკანასკნელში კანდიდატის სტატუსის პოზიტიური გავლენა მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო მაღალია.
საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება. ლარი/დოლარისა და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი კი მიმდინარე წელს მოსალოდნელია, 2.7 და 3.0-ის ფარგლებში იყოს.
ამასთან, საბაზისო სცენარში წერია, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს 8.5%-მდე 2024 წლის ბოლოსთვის.
ოპტიმისტურ სცენარში „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს დაშვება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საბაზისო სცენარში არსებულ დაშვებებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს მომხმარებელთა და ინვესტორთა განწყობებს.
„შესაბამისად, ჩვენი ოპტიმისტური სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 6.0%-ით გაიზრდება. ლარი/დოლარისა და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.65 და 2.95-ის ფარგლებში მიმდინარე წელს. საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს 8.0%-მდე“, – წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება რისკებს, რომლებმაც შეიძლება, შეცვალოს ეკონომიკური პროგნოზები, კვლევით ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს კვლავ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს უკავშირდება. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, არსებული ბუფერებით ქვეყანას შეუძლია, გაუმკლავდეს პოტენციურ რისკებს მათი რეალიზების შემთხვევაში.
0
0