13/06/2023
20:37
კულტურა
საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გარეშე, ჩვენი ყოველდღიური ძარცვა გაგრძელდება - ამის შესახებ მომღერალმა, მარკუს მეტრეველმა განაცხადა.
„მე არ განვეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ მხარეს, არ მაინტერესებს არც რუსეთი და არც ამერიკა. წლების განმავლობაში GCA–ში ვარ გაწევრიანებული და მაქვს პროტესტი. მაინტერესებს: ის თანხები, რომლებიც დაიხარჯა ამ პერიოდში დაგვიბრუნდება თუ არა ავტორ–შემსრულებლებს და სად წავიდა ეს თანხები? მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ GCA-ს და ამ კანონის მიღების გარეშე გაგრძელდება ჩვენი ყოველდღიური ძარცვა“,- განაცხადა მარკუს მეტრეველმა.
ცნობისათვის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.
აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლებების დაცვა წლებია საზოგადოებაში განხილვის საგანია. ორგანიზაცია GCA-ის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს.
როგორც აღმოჩნდა, ძველი ასოციაციის მიმართ ავტორთა პრეტენზიები არ იყო უსაფუძვლო და ორგანიზაციაში ბოლოს ჩატარებულმა ფინანსურმა აუდიტმა ეს ყველაფერი დაადასტურა
მიმდინარე წლის 17 მაისს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2022 წელს ასოციაციის ადმინისტრაციამ საკუთარი ფუნქციონირებისათვის დახარჯა 2,2 მლნ ლარი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების ქართველ და უცხოელ მფლობელებს 400 ათასი ლარით ნაკლები, მხოლოდ 1,8 მლნ ლარი გაუნაწილა, საიდანაც 700 ქართველ ავტორს ჯამურად სულ რაღაც ერთი მილიონი ლარი ერგო.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ, 2021 წელს სარგებლის სახით 233 ათასი ლარი მიიღო (მათ შორის, ხელფასის სახით 150 ათასი ლარი, ხოლო პრემიის, ბონუსის და სხვადასხვა სახის სარგებლის სახით - დამატებით 83 ათასი ლარი). შესაბამისად, ასოციაციის მიერ მხოლოდ თავმჯდომარეზე გაწეულმა საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 2021 წელს 19,4 ათასი ლარი შეადგინა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024