12/10/2024
19:34
არჩევნები 2024
ეს იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელებაა, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეტყობინებები ეგზავნებათ, სადაც მათ სამსახურის დატოვებას სთხოვენ.
კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყნის განადგურების სურვილი აქვთ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.
„ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზით ქვეყანაში. რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა თანამდებობა, რა არის საპროტესტო? რა ხდება ცუდი ქვეყანაში? ის, რომ მშვიდობა გვაქვს? ის, რომ ბომბები არ ცვივა და ქალაქები და სოფლები არ ნადგურდება? ამის გამო? ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, ისეთი კრიზისული ვითარება, საომარი მოქმედებები, ქალაქები და სოფლები ცეცხლის ალში იყოს გახვეული, იყოს გაუბედურებული ოჯახები, იყოს დაღუპული ახალგაზრდობა, ქვეყნის გაქცეული მოსახლეობა – ეს არის მათი მთავარი ამოცანა, მაგრამ არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აქვე შეაფასა ქვეყანაში არეულობის მცდელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფრის მკადრებლები არიან.
„მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება – შესაბამის სტრუქტურებს და, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. არანაირი რესურსი და შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით, ხალხის მხარდაჭერით მოიგონ და ამგვარი ქმედებებით, პროვოკაციებით, აქვთ სურვილი, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0