24/10/2024
20:22
არჩევნები 2024
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს.
ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის 9 წევრი მაინც. აქვე გაგაცნობთ ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიც განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.
იმ შემთხვევაში თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.
დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.
ზემოაღნიშნული დადგენილების მიღება და მისი შინაარსი კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებში კენჭისყრის შეუფერხებლად ჩატარებას. ცესკო მოუწოდებს კომისიის წევრებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, იმისათვის რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
0
0