20/09/2022
12:54
სამართალი
სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პროცესზე გვარამიამ მხარდამჭერებს და მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მოკლედ შევეხები ჩემთვისაც და ზოგადად მნიშვნელოვან საკითხებს. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად ევროპის მოტაცება, ოპერაცია როგორც ასეთი ვერ შედგა. პუტინი დამარცხდა რასაც ვულოცავ ჩემ თავს და მთელ საქართველოს და ჩემ შვილებს განსაკუთრებით. მე ასე მგონია, რომ მომავალ წელს ამ დროს უკრაინა იქნება გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში ყირიმის გამოკლებით და სრულიად აღმაფრთოვანებელია ზელენსკის განცხადებები. არცერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვია როგორც სტრატეგიის, ასევე, ტაქტიკის თვალსაზრისით. ყირიმზე გაკეთებული ბოლო განცხადებაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ეს დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს.
ძალიან მოკლედ ვიტყვი „ენდიაის“ კვლევების შესახებ. ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორი და სტიგმატიზება ღრმად არასწორი საქციელია და საერთოდ გაუგებარია რას ისახავს მიზნად. ძირითადად ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ მე ამგვარი კეთილი განზრახვების არ მჯერა. ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა.
თუ ჩვენ ამას იმის იმედად ვაკეთებთ, რომ ამას ოპოზიცია გამოფხიზლდება, უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ, მაგრამ მგონია, დღეს რაღაც ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია.
თუ ვინმე სუსტია მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება. საზოგადოება დღეს სამწუხაროდ, ასხივებს უღონობას, ფლუსტრაციას, გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ, მგონია რომ ოპოზიციას უნდა შევეშვათ. სწორად წავიკითხოთ კვლევა.
ამას გარდა, თუ რამე იყო ამ კვლევაში საგანგაშო, ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერის ინდექსი, კვლევის ავტორებს კი უწერიათ მცირედით ვარდნა შეინიშნებაო, მაგრამ ვარდნა, რომელიც 85%-იდან 75%-მდე ჩამოსვლას გულისხმობს, ნამდვილად არ არის მცირედი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვარდნა, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევდი სოფლად მაჩვენებლის ვარდნას. განსაკუთრებით კი ორი მიზეზის გამო, ეს არის დრამატულად მძიმე ვარდნა, სადღაც 66%-მდე ვარდნაა. ამასთანავე, მეორე და მთავარი მიზეზი, ამავე კვლევის თანახმად სოფელი არის ის გარემო, სადაც ხელისუფლებას ყველაზე დიდი გავლენა აქვს.
ამიტომ საზოგადოებას მოვუწოდებ და ვთხოვ, ამ მიმართულებით ფიქრი ჯობია. არც საზოგადოებაა ყოველთვის მართალი და არც მედია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ სოციალურ პრობლემებზე, შიმშილზე, ფასებზე და ასე შემდეგ, ეს არის თავის მოტყუება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები განიცდიან ამ პრობლემებს, არსებობს უნივერსალური გამზომი მექანიზმი, უსმენენ თუ არა ამ პრობლემებზე ადამიანები გადაცემებს. ყველამ ჩახედეთ საკუთარ რეიტინგებს და მითხარით, სოციალურ პრობლემებზე რომელი გადაცემა წერს მაღალ კი არა, რამენაირ რეიტინგს? ხალხის ინტერესი არის მთავარი პოლიტიკური საკითხები და ორი მთავარი მაგიური სიტყვა, ეს არის სამშობლო და დემოკრატია. არასდროს საქართველოში სოციალური საკითხების გამო მთავრობა არ შეცვლილა“, - განაცხადა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.
0
0