28/06/2022
19:56
სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0