22/12/2022
20:25
მედიცინა
“შევისწავლე მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ანკეტა, გადავხედე სხვა ექსპერტების ანგარიშებს – ყველა ერთი და იგივე დასკვნას აკეთებს დემენციის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის თაობაზე, სიმულაციის ან გაყალბების არანაირი ნიშნები არ გამოვლინდა”, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
„დღეს სასამართლოს გავაცანი მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული აშლილობის დიაგნოზი, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, რაც მას თავს გადახდა ციხეში და რაც ახლა ხდება მის თავს. მათ შორის საუბარია ქმედებაზე, რომელიც აკმაყოფილებს წამების კრიტერიუმებს. ასევე ვისაუბრე სააკაშვილის მეხსიერების პრობლემებზე, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც შეესაბამება დემენციის კრიტერიუმებს, რაც, როგორც ახლა ვიცით, არის დაკავშირებული ტოქსიკურ აგენტთან კონტაქტით, როგორიცაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამას ვუწოდებდი სწრაფად პროგრესირებად დემენციას.
დიახ, იყო ასეთი კითხვები, რადგანაც სასამართლოს ნებისმიერ ექსპერტიზის დროს, სადაც საუბარია სარგებლის მიღებაზე, ავად ყოფნის მოჩვენებით, საჭიროა ფრთხილი კვლევა, იმის დასადგენად, თუ რამდენად სანდოა და დადასტურებული მისი მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილი 55 წლისაა, არ არსებობს მიზეზი, რომ მას ზოგადად ჰქონდეს დემენცია. მაგრამ მას აღენიშნება მეხსიერების მძიმე პრობლემები, დაბნეულობა, ის საკუთარ თავს ვერ უვლის. და ეს ყოველივე სწრაფად პროგრესირებდა იმ პერიოდში, როდესაც ის ციხეში იყო. და როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ვერცლისწყალთან და დარიშხანთან, ასევე სხვა ტოქსიკურ აგენტებთან, მივხვდით, რომ ეს იყო მისი დემენციის მიზეზი“,- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა.
ერიკ დევიდ გოლდსმიტის განცხადებით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გადასაჭრელად მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს.
"რაც შეეხება დემენციას, რაც დაკავშირებულია ტოქსიკურ აგენტებთან შემხებლობასთან, საჭიროებს საუნივერსიტეტო დაწესებულებას, რაც არსებობს მხოლოდ ამერიკაში ან დასავლეთ ევროპაში, სადაც გააჩნიათ შესაბამისი ექსპერტიზა სრული შეფასებისა და მკურნალობისთვის ამ ძალიან იშვიათი ტიპის დემენციისა. არ ვიცი, სად მოხდა მისი მოწამვლა, მაგრამ ვიცი, რომ მკაფიო მტკიცებულება არსებობს, რომ ის შემხებლობაში იყო ტოქსიკურ აგენტებთან ციხეში“,- განაცხადა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა.
0
0