02/12/2021
12:41
პოლიტიკა
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა კორუფციაში იყო ჩაფლული“.
„9 მილიონ ლარზეა საუბარი, კერძოდ, კორუფციულ სქემებზე, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი პირად სარგებელს იღებდა. ახლა სურთ, ეს ყველაფერი პიჯაკებამდე დაიყვანონ, თუმცა არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა საქართველოს ხალხის თანხით? სინამდვილეში, ამ 9 მილიონში არის ნახევარი მილიონი დოლარის სხვადასხვა კოსმეტიკური მანიპულაცია – ბოტოქსი, გასახდომი პროცედურები და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენს ხალხს მალულად დააფინანსებინა. ჩვენი ხალხის ფული 40 000 დოლარი მალულად გადაიხადა თავისი შვილის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლაში, ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, 200 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პირად სტილისტსა და მზარეულზე. ეს არის კორუფციის ნაწილი, რომელშიც ჩაფლული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.
0
0