04/10/2023
13:44
კონფლიქტები
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე, საავტომობილო გადამზიდავებს, რომლებიც ტვირთი სომხეთიდან რუსეთში გადააქვთ, პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული მხარე მომხდარს რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული კონიაკის ხარისხის შემოწმებით ხსნის. შედეგად ზემო ლარსზე ათობით სატვირთო მანქანა დაგროვდა.
რუსეთში სომხეთის საელჩოს ვაჭრობის ატაშემ ვაჰან ჰაკობიანმა განაცხადა, რომ საცობში 60 მანქანა დგას - იუწყება „არმენპრესი".
„რუსეთში კონიაკზე კონტროლი ძალიან ადრე დაიწყო. მარტ-აპრილიდან რუსეთის საბაჟო სამსახურმა დაიწყო სომხეთიდან შემოტანილი კონიაკების საბაჟო კონტროლი. ეს აიხსნება იმით, რომ აღმოჩენილი იქნა დარღვევები: ყალბი კონიაკები და ა.შ. რამდენიმე დღის წინ მეთვალყურეობა გაძლიერდა. თუ ადრე კონტროლი ტარდებოდა კონკრეტულ ექსპორტიორებთან ან იმპორტიორებთან მიმართებაში, ახლა სომხეთიდან შემოსული ყველა კონიაკი საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა ჰაკობიანმა.
სომხური კონიაკის მომწოდებლების საზღვარზე პრობლემები შეიძლება წარმოიშვას Rosalkogolregulirovanie-ს პრეტენზიების გამო. გაფრთხილება, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ელენა აფანასენკო, ადრე გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ახლა კი ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა სერგეი ალექსაშენკომ.
დოკუმენტში, კერძოდ, საუბარია სამი მარკის კონიაკის მიმოქცევისა და შესყიდვის შეჩერების აუცილებლობაზე. ამ სასმელებში ექსპერტიზამ აღმოაჩინა არომატიზატორები, ფენოლური ნაერთები, ასევე „არაკონიაკური წარმოშობის“ სპირტები, ნათქვამია დოკუმენტში.
„მოსკოვი თაიმსი“ წერს, რომ კონიაკის მომწოდებლებთან პრობლემები წარმოიშვა სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების ფონზე - მთავარი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას, რომელმაც მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024