18/11/2022
16:17
სამართალი
შრომის ინსპეციის სამსახურმა დღეს, 18 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დასაქმებული კი დაშავდა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა.
შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით „ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც საწაროს მუშაობის უფლება შეუჩერეს. სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები დადგინა და სამუშაოები შეუჩერა 2022 წლის ივლისშიც.
2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“,- ნათქვამია შრომის ინსპექტრების სამსახურის განცხადებაში.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ნათია გელაშვილის თქმით, რუსთავის აზოტის ქარხანაში დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ სიმაღლიდან ვარდნისას მიღებული ზედაპირული დაზიანებები აქვთ. ექიმის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ. ამჟამად იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.
0
0