12/12/2022
12:02
კულტურა
კოტე მარჯანიშვილის 150 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში მუსიკალური პრემიერით აღინიშნა.
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის, 150-ე წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიტორ ნიკა ნიკვაშვილის მიერ რეჟისორის უხმო კინოფილმებისთვის - „ამოკი“, „კრაზანა“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ - შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების პრემიერა გაიმართა. საავტორო მუსიკა კომპოზიტორმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო ორკესტრსა და სოპრანო იანო ალიბეგაშვილთან ერთად შეასრულა.
ეს პროექტი, სახელწოდებით „სიჩუმიდან მუსიკამდე“ (A SILENTIO AD MUSIKAM) - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2018-2019 წლებში ფილმსაცავ „გოსფილმფონდიდან“ ჩამოიტანა კოტე მარჯანიშვილის ფილმების საწყისი მასალა, რომელიც, საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, 2019-2022 წლებში აღადგინა. ციფრულად დამუშავდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა კოტე მარჯანიშვილის ხუთმა ფილმმა: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ამოკი“, „გოგი რატიანი“, „კრაზანა“ და „კომუნარის ჩიბუხი“. ნიკა ნიკვაშვილმა შეარჩია სამი ფილმი, რომლებისთვისაც შექმნა საავტორო მუსიკა. ფილმების მუსიკალურ გაფორმებაში მან აქტიურად გამოიყენა როგორც ეროვნული, ისე დასავლური მუსიკის ნიმუშები.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ კოტე მარჯანიშვილის დადგმებისთვის შექმნილი სასცენო კოსტიუმები.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024