18/10/2024
09:31
საზოგადოება
დღეს, 11 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნება. აღნიშნული საბაგირო გზის აღდგენა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
საბაგირო გზას აქვს 2 სადგური – რუსთაველის გამზირსა (#52) და მთაწმინდის პარკში. ამ გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი – 845 მეტრი.
გახსნის დღეს რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე მგზავრობა იქნება უფასო, ზოგადად კი, მგზავრობის ღირებულება 12 ლარით განისაზღვრა, მთაწმინდის პარკის მეგობართა კლუბის წევრებისთვის კი – 3 ლარით. გადახდა შესაძლებელი იქნება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათით.
საბაგირო გზა ამ ეტაპზე იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 21:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 1958 წელს ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით აიგო და მგზავრების მომსახურება 1959 წლის პირველ მაისს დაიწყო. 1990 წლის პირველ ივნისს აღნიშნულ გზაზე ტრაგედია მოხდა, ბაგირის გაწყვეტის გამო დაშავდა 42 ადამიანი და გარდაიცვალა – 19.
0
0