26/11/2024
11:05
მსოფლიო
როგორც BBC-ს რუსეთის ბირთვული ძალების ყოფილმა ოფიცერმა, ანონიმურობის დაცვით [პირობითად, ანტონმა], განუცხადა, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს, ბირთვული იარაღის ბაზა, სადაც ის მსახურობდა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. როგორც ცნობილია, ანტონი რუსეთში საიდუმლო ბირთვული იარაღის ობიექტში [ბაზის უსაფრთხოების განყოფილების ნაწილში] ოფიცრად მსახურობდა. მან BBC-ს თავისი ქვედანაყოფის, წოდებისა და ბაზის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა. ის, ამჟამად, რუსეთის ფარგლებს გარეთ, საიდუმლო ადგილას, იმყოფება.
„ომის დაწყებამდე, მხოლოდ ვვარჯიშობდით. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ომი დაიწყო, იარაღი სრულად იყო ადგილზე მობილიზებული. ჩვენ მზად ვიყავით ძალები გამოგვეყენებინა ზღვასა და ჰაერში და, თეორიულად, ბირთვული დარტყმა უნდა განგვეხორციელებინა. უკრაინის საზღვრებზე ჯარების გადასვლიდან სამი დღის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებს „საბრძოლო სამსახურის სპეციალურ რეჟიმში“ ყოფნა დაევალათ. საბრძოლო განგაში შეიქმნა ომის პირველ დღეს, ჩემი ქვედანაყოფი ბაზის შიგნით იყო ჩაკეტილი. ჩვენ მხოლოდ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაზე გვქონდა წვდომა. მე ნამდვილად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ავტომატურად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. ჩვენ ომში არ ვიბრძოდით, მხოლოდ ბირთვულ იარაღს ვიცავდით. განგაშის მდგომარეობა ორი-სამი კვირის შემდეგ გაუქმდა.
რაც შეეხება რუსეთის ბირთვული ძალების საიდუმლო ფუნქციებს, ძალიან მკაცრი შერჩევის პროცესია. ყველა პროფესიონალი ჯარისკაცი მსახურობს - არავინ არის წვევამდელი. ყველა მუდმივად მოწმდება და ამისთვის სიცრუის დეტექტორიც გამოიყენება. ანაზღაურება გაცილებით მაღალია და ეს ჯარისკაცები ომში არ იგზავნებიან. მათი ფუნქციაა მოიგერიონ ან განახორციელონ ბირთვული დარტყმა. ჩემი მოვალეობა იყო ის, რომ ჩემს კონტროლს ქვეშ მყოფი ჯარისკაცებისთვის ბირთვულ ბაზაზე ტელეფონები ჩამომერთმია,”- თქვა რუსეთის ბირთვული ძალების ყოფილმა ოფიცერმა.
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, რუსეთს 4,380-მდე ოპერატიული ბირთვული ქობინი აქვს, თუმცა მხოლოდ 1,700 მათგანია "გამოსაყენებლად მობილიზებული". აღნიშნული რაოდენობის ქობინებს ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო ერთად ფლობს. ასევე არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, გამოიყენებს თუ არა პუტინი „არასტრატეგიულ“ იარაღს, რომელსაც ხშირად ტაქტიკურ, ბირთვულ იარაღს უწოდებენ. ეს არის უფრო მცირე ზომის რაკეტები, რომლებიც, როგორც წესი, ფართო რადიოაქტიურ აფეთქებას არ იწვევს. ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის ვარაუდით, პუტინის იარაღი ძირითადად საბჭოთა ეპოქისდროინდელია და შესაძლოა არაეფექტურიც აღმოჩნდეს. ბირთვული ძალების ყოფილმა ოფიცერმა ეს მოსაზრება უარყო და "ე.წ. ექსპერტების ძალიან გამარტივებულ შეხედულებად" შეაფასა.
„ზოგიერთ ზონაში შეიძლება არსებობს მოძველებული ტიპის იარაღი, თუმცა ქვეყანას [რუსეთის ფედერაციას] უზარმაზარი ბირთვული არსენალი აქვს, რაც ასევე მოიცავს მუდმივ საბრძოლო პატრულირებას ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო მასშტაბით. რუსეთის ბირთვული იარაღი სრულად მოქმედი და საბრძოლოდ მობილიზებულია. ატომური იარაღის ვარგისობა მუდმივად მოწმდება და არასოდეს ჩერდება, ერთი წუთითაც კი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, „კრიმინალური“ ბრძანება გაიცა, რომ ჩემი ჯარისკაცებისთვის დეტალური წერილობითი ინსტრუქციების გამოყენებით ლექცია ჩამეტარებინა. განცხადებული იყო, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლები არიან და ისინი უნდა განადგურდნენ! ეს ჩემთვის წითელი ხაზია - ეს სამხედრო დანაშაულია. მე ვთქვი, რომ ამ პროპაგანდაში არ ჩავერთვებოდი. ამის გამო უფროსმა ოფიცრებმა ქვეყნის სხვა ნაწილში რეგულარული თავდასხმის ბრიგადაში გადამიყვანეს და მითხრეს, რომ ომში - "პირველ ტალღაში" - გამგზავნიდნენ და "ქვემეხის საკვებად" გამომიყენებდნენ. სანამ ფრონტის ხაზზე გამგზავნიდნენ, ხელი მოვაწერე განცხადებას ომში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შემდეგ, დეზერტირების მოხალისე ორგანიზაციის დახმარებით, ქვეყნიდან გაქცევა გადავწყვიტე. ბირთვული ძალების ბაზიდან რომ გავქცეულიყავი, მაშინ ადგილობრივი უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მიიღებდა გადამწყვეტ ზომას და მე, ალბათ, ვერ შევძლებდი ქვეყნიდან გასვლას. თუმცა უშიშროების სამსახური ისევ მეძებს: სიფრთხილის ზომებს ვიღებ, ვმუშაობ წიგნებზე და არ ვჩანვარ არცერთ ოფიციალურ სისტემაში. მსურს, მსოფლიომ იცოდეს, რომ ბევრი რუსი ჯარისკაცი ომის წინააღმდეგია,“ - განაცხადა ყოფილმა ოფიცერმა.
ლონდონში რუსეთის საელჩომ კომენტარის გაკეთებაზე BBC-ს თხოვნას არ უპასუხა. მოხალისეთა ორგანიზაცია Idite Lesom-მ BBC-ს განუცხადა, რომ დეზერტირების რიცხვი, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, თვეში 350-მდე გაიზარდა. გაქცეულთათვის რისკებიც იზრდება. საზღვარგარეთ გაქცეული, მინიმუმ, ერთი დეზერტირი მოკლეს და დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცები იძულებით დააბრუნეს რუსეთში და გაასამართლეს.
0
0