09/09/2024
17:05
კონფლიქტები
ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი კანონის მიღებას მოითხოვს, რათა აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და მათი მხარდამჭერების „ციხეში ჩუმად ჩასმა მოხდეს“. ამის შესახებ სოლოვიოვმა საკუთარ ტოკ-შოუში განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
სოლოვიოვის სტუმარი, ცნობილი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ამ „ენჯეოშნიკებს“ როგორც შეუძლია ისე ებრძვის, თუმცა ის ყველაფრის შემძლე არ არის, რადგანაც „აფხაზეთი დემოკრატიული ქვეყანაა - იქ არის არჩევნები, პარლამენტი და ა.შ.“
სიმონიანმა გაიხსენა, რომ ზაფხულში „მისთვის მშობლიურ აფხაზეთში ისვენებდა და იქ 5 დაუვიწყარი დღე გაატარა. ოკუპირებულ რეგიონში ყოფნისას სიმონიანმა აღმოაჩინა, რომ იქ ასობით და ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელიც ამერიკული ფულით ფინანსდება.
„თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას ჩადიან იქ ამერიკული ფულით დაფინანსებული ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. იქ ასობით და ათასობით ასეთი ორგანიზაცია მოქმედებს. ისინი რეალურად ახალგაზრდების კულტურული კოდის შეცვლას ცდილობენ“, - განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.
მან გაიხსენა სოხუმის დე ფაქტო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას მოსაზრება, რომ USAID- ის და სხვა ორგანიზაციების მიზანია „აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოს შემადგენლობაში და კრემლის დამღუპველი გავლენის შეწყვეტა“, რაც ამ ორგანიზაციების ვებსაიტებზე წერია.
„საშინელება ისაა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ ახალგაზრდებმა რუსეთს ზურგი შეაქციონ და ამერიკისკენ შებრუნდნენ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა“, - ამბობს სიმონიანი.
„ხოდა თუ ასეა საქმე, უნდა მივიღოთ კანონი და ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის ჩუმად ციხეში ჩავსვათ“, - განაცხადა ვლადიმერ სოლოვიოვმა.
სიმონიანმა გაიხსენა, რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვით გარკვეული დანაშაულისთვის, მაგ. რუსეთის ჯარზე ფეიკების გავრცელებისთვის მიღებული რუსეთის მოქალაქეობა შეიძლება ჩამორთმეული იყოს. ვლადიმერ სოლოვიოვს კი მიაჩნია, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა არაეფექტიანი ზომაა, რადგანაც ეს ადამიანი კვლავ იცხოვრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე და გააგრძელებს იგივე საქმის კეთებას.
„აი ციხეში თუ ჩავსვამთ, მერე იქიდან მუშაობა გაუჭირდებათ“, - განაცხადა სიმონიანმა..
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის აფხაზი ოპოზიციონერებისთვის, მათ შორის ე.წ. პარლამენტის რამდენიმე წევრისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს.
0
0