14/01/2023
17:25
ეკონომიკა
ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როგორ შედის რუსეთში დასავლური პროდუქცია“, რომელშიც საუბარია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე რუსეთისათვის ევროპული ტვირთების გადაზიდვაში.
„საქართველო - ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. აქედან ყოველდღიურად სატვირთო ავტომობილების ქარავანი მრავალ კილომეტრზეა გაჭიმული მთიან გზატკეცილზე, რუსეთის საზღვართან ახლოს.
ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ რიგი ყოველდღიურად უფრო გრძელი ხდება. ტრაილერები (ავტოფურები) რამდენიმე დღეა დგანან და საზღვარზე გასვლის რიგს ელოდებიან - ეზიდებიან ავტოსათადარიგო ნაწილებს, სამრეწველო მასალებს, ქიმიკატებს, თვით ქაღალდსაც კი ჩაის ერთჯერადი პაკეტებისათვის. მათი „მოგზაურობა“ თურქეთში იწყება და რუსეთის ქალაქებში მთავრდება, სადაც დასავლური საქონელი სულ უფრო მეტი მოთხოვნილებით სარგებლობს.
უკრიანის ომმა მკვეთრად გაწყვიტა რუსეთ-ევროპის სავაჭრო კავშირები, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ მასში ასევე სწრაფად შეიტანა კორექტივები - იპოვა პროდუქციის იმპორტის ალტერნატიული გზები. საქართველო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 3,6 მილიონი მცხოვრებით, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში ომი ჰქონდა - ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთის გარესამყაროსთან დამაკავშირებელ მოხეხებულ ლოჯისტიკურ არხად გადაიქცა“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი წერს, რუსეთს უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შტორმის გადატანის საქმეში ძალიან დაეხმარა საქონლის იმპორტი საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროდუქცია დეფიციტური გახდა და დასავლურმა კომპანიები რუსული ბაზარი დატოვეს, მოსკოვი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2022 წელს სულ რაღაც 3%-ით შემცირდა.
მართალია, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები „ნისლით არის მოცული“, მაგრამ აშკარაა, რომ ზოგიერთი ექსპერტ-ეკონომისტის პროგნოზი არ გამართლდა - რუსეთის სრული კრახი, დასავლური სანქციების გავლენით, არ მომხდარა.
ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ „გარეუბანში“, კავკასიაში მდებარე საქართველოს ტერიტორია ყველაზე სწრაფი და მოხერხებული სახმელეთო-სატრანზიტო მარშრუტია თურქეთისაკენ და ევროპისაკენ, რომელიც, ბუნებრივია, რუსეთისათვის დასავლეთთან ერთ-ერთ ძირითად სავაჭრო გზად იქცა“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
„შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ევროპული ტვირთების რომელი ნაწილია აკრძალული (სანქციადადებული) ევროკავშირის მიერ, თუმცა ქვეყნის გადაქცევა რუსეთთან ვაჭრობის საკვანძო რგოლად ხაზს უსვამს იმასაც, რომ აქ შეიძლება სანქციების დაცვის მხრივ რაღაც პოტენციური ხარვეზი არსებობდეს.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის მკაცრად იცავს დასავლურ სანქციებს და რომ ბევრი ტვირთის გატარებაზე კომპანიებს უარი ეთქვათ. მაგრამ მმართველი პარტიის ოპონენტები პარლამენტში ამბობენ, რომ საქონელი და ფული საზღვარზე მეტწილდ დაუბრკოლებლად გადის. „ეს შემთხვევა იმას აჩვენებს, თუ როგორ აძლევენ ნებას მესამე ქვეყნები იმ სახელმწიფოებს, რომელთა წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, გვერდი აუარონ სავაჭრო შეზღუდვებს“, - ამბობს მარია შაგინა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
საქართველოს ყველაზე დიდი ფოთის საზღვაო ნავსადგური ამჟამად ფართოვდება, რაც მას შესაძლებლობას მისცემს დიდი გემები მიიღოს. როგორც იენს როულინსონი, ნიდერლანდური კომპანიის APM Terminal-ის კომერციული დირექტორი ამბობს, პორტის გავლით გადაზიდვებმა მკვეთრად მოიმატა. აღსანიშნავია, რომ თვითონ APM Terminal-მა, უკრაინის ომის დაწყების გამო, რუსეთთან საქმიანი კავშირები გაწყვიტა, ამიტომ საით მიდის ფოთის პორტიდან ტვირთები, კომპანია ამას ვერ აკონტროლებს. ზოგადად კი, მისი თქმით, ტვირთების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, უფრო ცენტრალური აზიისათვის არის განკუთვნილი, ვიდრე რუსეთისათვის,“ - ნათქვამია სტატიაში.
0
0