16/03/2023
22:36
კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო ლიდერთან ალან გაგლოევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული ხასიათისაა და ყველა მიმართულებით ვითარდება, ხოლო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 12%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა - მეჩვენება, რომ კომენტარები ზედმეტია - განსაკუთრებული ხასიათისაა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ურთიერთობები ვითარდება ყველა, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში. სავაჭრო ბრუნვის ზრდამ შეადგინა შარშან 12%-მდე. პრინციპში, კარგი მაჩვენებელია“ - განაცხადა პუტინმა.
მან დასძინა, რომ მუშავდება თითქმის ყველა თანამშრომლობის პროგრამა - საინვესტიციო, საკრედიტო, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და „სამხრეთ ოსეთის“ ფინანსური დახმარების პროგრამები.
„უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული ბაზა და დამყარდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურებს შორის ამ სფეროში“ - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვში გაგლოევის შეხვედრა გაუხარდა.
ალან გაგლოევმა კრემლის ლიდერი, თავის მხრივ, ცხინვალში რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაპატიჟა.
„რესპუბლიკაში გეპატიჟებით, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარს. ადგილზე დაინახავთ ხალხის თბილ და მადლიერ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ“ - განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ დღეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც გამოხატავს თავის მოვალეობას და მადლიერებას რუსეთის მიმართ.
"სპეცოპერაციაში ოსი ჯარისკაცები რუს ძმებთან ერთად იცავენ ჩვენს საერთო ისტორიას, საერთო ღირებულებებს, ჩვენს საერთო რწმენას“ - აღნიშნა გაგლოევმა.
„სამხრეთ ოსეთმა უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთთან ყოფნა ერთადერთი სწორი არჩევანია“ - განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ რესპუბლიკამ „ეკონომიკა თვითკმარი დონემდე უნდა მიიყვანოს და რუსეთის ფედერაციის სრულფასოვან ეკონომიკურ პარტნიორად იქცეს“.
გაგლოევი-პუტინის შეხვედრა თებერვალში უნდა გამართულიყო, თუმცა, ცხინვალის რეჟიმის ლიდერს მაშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის პუტინს აღარ შეახვედრეს. აღნიშნული შეხვედრა დღეს შედგა.
0
0