23/09/2024
10:36
სპორტი
ბუდაპეშტში, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და მისი მოკავშირის, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას. ფედერაციის ოფიციალური გადაწყვეტილებით, რუსეთის საჭადრაკო ნაკრებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა კვლავ აეკრძალება.
ამ გადაწყვეტილების მომხრეების თქმით, ჭადრაკს რუსეთში ვლადიმერ პუტინი, ასევე კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, აკონტროლებს.
ბუდაპეშტში, დელეგატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შუამდგომლობას კონსულტაციების გამართვის შესახებ, რაც ითვალისწინებს ბავშვებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას. თუმცა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსეთის ნაკრების, ოფიციალური პირების, დროშის აღმართვისა და ჰიმნის შესრულების მიმართ აკრძალვები დარჩება.
საბოლოო გადაწყვეტილება ფედერაციის სტრატეგიულ ორგანოს, Fide-ს საბჭოს ეკუთვნის, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კენჭისყრის შედეგებს გააუქმებს.
„ეს უკრაინის გამარჯვებაა. ეს კენჭისყრა ნიშნავს, რომ რუსეთს არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ის ელოდა. რუსეთი არის აგრესორი და დამპყრობელი და აგრესორი უნდა დაისაჯოს ყველა სფეროში, მათ შორის, სპორტში. მნიშვნელოვანია სანქციების შენარჩუნება, ან თუნდაც მათი გამკაცრება იმისათვის, რომ რუსებმა თავიანთი დანაშაულები აღიარონ", - განუცხადა BBC-ის უკრაინის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა ვიქტორ კაპუსტინმა.
რუსეთმა განაცხადა, რომ პოლიტიკა ჭადრაკის მიღმა უნდა დარჩეს და ასამბლეის სხვა წარმომადგენლებს ყველა სანქციის მოხსნისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
კიევს მხარი დაუჭირა ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და მრავალმა სხვა დასავლურმა ქვეყანამ.
0
0