27/02/2024
12:16
კონფლიქტები
მოსკოვი მოითხოვს, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიები, რომლებიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ტარდება, სხვა ქალაქში იყოს გადატანილი. ეს საკითხი სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განიხილეს. მათი თქმით, საუბარია მინსკზე და ბაქოზე. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ინალ არძინბამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო პოლიტიკურ დიალოგზე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებს.
„ჟენევას აღარ შეუძლია, რომ მოლაპარაკების ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს. ამიტომ, რუსულმა მხარემ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა - საუბარია ჟენევის დისკუსიების გადატანაზე სხვა ლოკაციაზე“, - განაცხადა ინალ არძინბამ.
ბჟანიას თქმით, ამ საკითხს შეხვედრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეეხო.
„ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ ამ მოედანმა საკუთარი თავი, ფაქტობრივად, ამოწურა. ამიტომ მან მკითხა, ხომ არ არის აფხაზური მხარე იმის წინააღმდეგი, რომ უფრო ხელსაყრელი ლოკაცია იყოს შერჩეული, საუბარია ბელარუსის დედაქალაქზე, ან ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ნეიტრალური ქვეყნის დედაქალაქზე. ამაზე მსჯელობა შეიძლება. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შეიძლება რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ჟენევის დისკუსიების ფორმატი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ ეს შეხვედრები წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. შეხვედრებზე, ძირითადად, ჰუმანიტარული საკითხები განიხილება.
0
0