29/08/2024
14:27
კონფლიქტები
რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომისიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
შეთანხმება 7 მაისს სოხუმში იყო ხელმოწერილი. მისი რატიფიცირება წლის ბოლომდე იგეგმება. შეთანხმების შესაბამისად, დივიდენდებისა და როიალტის სახით მიღებულ შემოსავლებზე 10%-იანი ერთიანი განაკვეთი განისაზღვრება. პროცენტული შემოსავლების მიმართ გათვალისწინებულია შემოსავლების წყაროს დაბეგვრიდან გათავისუფლება. შესაბამისად, პროცენტების მსგავსი გადასახადების გადახდა იმ ბიუჯეტში მოხდება, რომელმაც უზრუნველყოფა გამოყო.
ასევე, შეთანხმება განსაზღვრავს სამშენებლო ბიზნესის გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან შეღავათიან პერიოდში, რომელიც 18 თვეს შეადგენს. „ამ პერიოდში ერთი ქვეყნის კომპანიის საქმიანობა მეორის ტერიტორიაზე არ გამოიწვევს მუდმივი წარმომადგენლობის შექმნას. ამ შეღავათიან პერიოდში გადასახადის გადახდა მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში მოხდება“, – წერს სააგენტო „აფსნიპრესი“.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება „მოსკოვსა და სოხუმს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისთვის კარგ პირობებს შექმნის და ხელს შეუწყობს ორმხრივი ინვესტიციების მოზიდვას“.
0
0