10/10/2024
12:32
მსოფლიო
რუსეთის სამხრეთში, ადიღეს რესპუბლიკაში, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადიღეს ლიდერმა, მურატ კუმპილოვმა განაცხადა, რომ მაიკოპის გარეუბნიდან, კერძოდ სოფელ როდნიკოვოედან, რომელიც სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს მდებარეობს, მოქალაქეები გაჰყავთ.
კუმპილოვის თქმით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ევაკუირებული მოსახლეობა გადაყვანილია ხანსკაიას სტანიცაში. ზუსტად რამდენი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, უცნობია.
ნასას ხანძრის მონიტორინგის სისტემის მონაცემებით, აეროდრომის მახლობლად დაფიქსირდა ხანძარი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადიღეზე თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამინისტროს განცხადებით, 10 ოქტომბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 92 უკრაინული დრონი ქვეყნის რამდენიმე რეგიონის თავზე, მათ შორის 47 დრონი ჩამოაგდეს კრასნოდარის მხარეში. ადიღე მდებარეობს კრასნოდარის მხარის ფარგლებში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში კიდევ 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, ცხრა – როსტოვის ოლქში, ოთხი – ბრიანსკის ოლქში, ორ-ორი – ბელგოროდის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმში, ერთი – ვორონეჟის ოლქში და 15 – აზოვის ზღვის თავზე. თავდასხმების შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
0
0