29/06/2023
14:56
კონფლიქტები
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა ანექსირებულ დონეცკში ოპერატიული შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე „უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილი“ დანაშაულის გამოძიების საკითხი განიხილეს.
საგამოძიებო კომიტეტმა, კერძოდ, საქართველოდან მებრძოლების სისხლისსამართლებრივ დევნაზე მიუთითა.
„მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან დაქირავებულთა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტებზე. თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთობის შედეგად შეგროვდა მტკიცებულებები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან დაქირავებულთა მონაწილეობის შესახებ. ამ დროისთვის 33 ქვეყნიდან 160 უცხოელზე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის 24 მებრძოლის მიმართ და მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ისინი დაუსწრებლად დააპატიმრა.
ქართული ლეგიონი არის მოხალისეთა შეიარაღებული ფორმირება, რომელიც უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის. იგი ძირითადად შედგება ყოფილი ქართველი სამხედროებისგან, რომლებსაც აქვთ შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება.
0
0