06/09/2024
13:02
კონფლიქტები
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსების შეწყვეტის კომენტირებისას, ე.წ. პარლამენტის წევრი კან კვარჩია გააკრიტიკა.
ზატულინი ამბობს, რომ ოპოზიციონერი კვარჩია ერთ-ერთია, ვინც საფრთხეს უქმნის „რუსეთ-აფხაზეთის განსაკუთრებულ ურთიერთობას“. მისი თქმით, კვარჩია „იცინოდა, რუსული არმია იმდენად სუსტია, რომ ხარკოვის აღება არ შეუძლია“.
„ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც მადლობელი უნდა იყვნენ, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა აფხაზეთს და აღიარა აფხაზეთი“, - განაცხადა ზატულინმა.
მისი თქმით, რუსებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში აღმოჩნდებიან, „უფლებებს ართმევენ“. ზატულინის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკაში მწვავედ დგას რესპუბლიკის წინა ისტორიასთან დაკავშირებული სინდრომი, როდესაც აფხაზები საკუთარ მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
ზატულინის თქმით, „აქ ჩნდება შეთქმულების თეორიები“, რომ თუ აფხაზეთის ხელისუფლება დაამტკიცებს კანონს ბინების მშენებლობის შესახებ გარკვეულ რაიონებში, მაშინ „ამ შემთხვევაში, რუსეთიდან 150 ან 140 მილიონი ადამიანი ჩამოვა აფხაზეთში და აქ დასახლდება, რის შედეგადაც აფხაზებს „არსად ექნებათ საცხოვრებელი“ და „არ იქნებიან ბატონები“ აქ.
ზატულინის თქმით, „გარკვეული პერსონაჟები“, მათ შორის კვარჩია, სპეკულირებენ თემაზე „ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს“. დეპუტატის თქმით, ასეთმა ფიგურებმა მოახერხეს „ნდობის სულისკვეთების“ დაზიანება.
ზატულინმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ ე.წ. დეპუტატები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ამავდროულად „ეძებენ რუსეთ-აფხაზური ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების გზებს“, ვერ ხედავენ „ვერაფერ ცუდს იმაში, რომ მათ ჯიბეში ორი პასპორტი აქვთ“.
„მე არ ვარ ამ რეპრესიული ღონისძიებების მომხრე. მათ აფხაზეთის მოქალაქეობას არავინ ართმევს, მათ სამშობლოში ყოფნის უფლება აქვთ. მაგრამ თავი ნუ მოგაქვთ რუსეთის მოქალაქეებად“ - თქვა ატულინმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. აფხაზ დეპუტატებსა და ოპოზიციონერებს რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ აფხაზურ ტელეგრამებში გამოქვეყნებული „კოზაკ-ბჟანიას პროტოკოლიდან“ გახდა ცნობილი. სოხუმსა და მოსკოვში მის ავთენტურობას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 20 სექტემბრამდეოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოსკოვს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის მქონე დეპუტატებისა და აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც „მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ.
0
0