20/07/2022
11:29
მსოფლიო
„რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგაც საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება“, - ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე - ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს“, - აცხადებს ამერიკის არმიის ყოფილი გენერალი.
მისი თქმით, უდანაშაულო ხალხის განურჩეველი ხოცვა, რუსეთის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ევროპის დედაქალაქებზე ზეწოლის გასაგრძელებლად ხდება.
„ეს, ასევე, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ბევრი სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩემი ანალიზი შესაძლოა ზუსტი არ იყოს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამო, რომ არ ვიცი მათ ჯერ კიდევ რამდენი ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა აქვთ დარჩენილი. ერთის მხრივ ვითარება ისე გამოიყურება, თითქოს მათ უსასრულო რაოდენობის არტილერია და რაკეტები აქვთ. თუმცა, ჩვენი გათვლებით, იმ რაკეტების, რომლებსაც კასპიის ზღვიდან, და რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიიდან ისვრიან, სავარაუდოდ, 50 პროცენტზე ნაკლები აქვთ დარჩენილი.
მათ მარაგის შევსება სავარაუდოდ, აღარ შეუძლიათ სანქციების გამო, რომლებიც რუსეთს ხელს უშლის ამ სისტემებისთვის საჭირო ნაწილის იმპორტში. საშინელებაა ის, რასაც აკეთებენ და რა თქმა უნდა, უკრაინელებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ დარტყმები სიღრმეში მიაყენონ და ის ადგილები ამოიღონ მიზანში, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთის ნიშანიცაა, რადგან მათ რეალურად არ აქვთ შესაძლებლობა დაშალონ ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც უკრაინას დასავლეთის იარაღით ამარაგებს. მათ ეს რომ შეეძლოთ, ამას უკვე დიდ ხნის წინ გააკეთებდნენ“, - აღნიშნავს ჰოჯესი.
ამერიკის არმიის ყოფილი გენერლის თქმით, რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ.
„რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ, რასაც ჩვენ ექვსი თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით. როგორც ჩანს, სისტემაში არსებული კორუფციის გამო, ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ ნამდვილი გვეგონა და რომლებსაც ისინი აქვეყნებდნენ, რეალობასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებული იყო. მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი ციხიდან გამოჰყავთ.
ისინი ფაქტობრივად ფსკერს ფხეკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრძოლაში იყენებენ არასათანადოდ გაწვრთნილ ჯარისკაცებს. ცოცხალი ძალის რაოდენობა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, რომელსაც სამხედრო ასაკის მილიონობით ქალი და მამაკაცი ჰყავს, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ. ისინი გაწვრთნილი ჯერ არ არიან, მაგრამ უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვთ“, - დასძენს ბენ ჰოჯესი.
0
0