26/08/2024
18:44
კონფლიქტები
„რუსეთი გააგრძელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს. მედვედევის წერილი ცხინვალში რუსეთის რწმუნებულმა ალექსანდრე ჟუროვმა წაიკითხა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სამოკავშირეო ურთიერთობები და ინტეგრაცია რეგიონის პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ეკონომიკური განვითარებაზე დადებითად აისახება. სამხრეთ ოსეთის თვითმყოფადობა, მისი ტრადიციები და სულიერი საფუძვლები რუსეთში აღიქმება, როგორც ერთობლივი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი დახმარება აღმოვუჩინოთ სამხრეთ ოსეთს მისი სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და წინსვლაში“, - წერს დიმიტრი მედვედევი.
16 წლის წინ, ანუ 2008 წლის 26 აგვისტოს, სწორედ დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების ბრძანებულებას. მედვედევი მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო. ამის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს. ვანუატუმ, რომელმაც თავდაპირველად ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ ის უკან გაიწვია.
0
0