20/06/2022
12:58
მსოფლიო
რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, რადგან ქვეყანამ პეკინს ნედლი ნავთობი ფასდაკლებით მიჰყიდა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე.
რუსული ნავთობის იმპორტი წინა წელთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა და ამით საუდის არაბეთი ჩაანაცვლა, როგორც ჩინეთის უდიდესი მიმწოდებელი.
ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები გაზარდა მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნა Covid-ის შეზღუდვებისა და ეკონომიკის ზრდის შენელების გამო შემცირდა.
თებერვალში, ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათი მეგობრობა „საზღვრების გარეშეა“. ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტმა კომპანიამ, Sinopec-მა და სახელმწიფო კომპანიამ, Zhenhua Oil-მა, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები დიდი ფასდაკლებების შეთავაზებისას გაზარდეს, რადგან უკრაინასთან ომის გამო დაწესებული სანქციების შესაბამისად, ევროპისა და აშშ-ის ქვეყნები რუსულ ენერგორესურსების ყიდვას თავს არიდებდნენ.
ჩინეთის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთში იმპორტმა, რომელიც მოიცავს წყნარი ოკეანის რეგიონში აღმოსავლეთ ციმბირის მილსადენით და ზღვით ნავთობის გადაზიდვას, გასულ თვეში თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა. შესაბამისად, საუდის არაბეთი - ჩინეთისთვის ნედლი ნავთობის ყოფილი უდიდესი წყარო - მეორე ადგილზე გადავიდა 7,82 მილიონი ტონით.
ენერგორესურსების ექსპორტი რუსეთისთვის შემოსავლის სასიცოცხლო წყაროა, თუმცა მასზე დაკისრებული სანქციების შედეგებმა შესაძლოა ასევე იმოქმედოს დასავლელ მომხმარებლებზე.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის (CREA) მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრიდან პირველი 100 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან რუსეთმა თითქმის 100 მილიარდი დოლარის (82 მილიარდი ფუნტი) ოდენობის შემოსავალი მიიღო. ევროკავშირმა ამ იმპორტის 61%, დაახლოებით $59 მილიარდი შეადგინა.
მთლიანობაში, რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი მცირდება, თუმცა ენერგორესუსრსებიდან მიღებულმა შემოსავალმა მაინც გადააჭარბა პირველი 100 დღის განმავლობაში უკრაინაში ომისთვის დახარჯულ თანხას - ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე რუსეთი დღეში დაახლოებით 876 მილიონ დოლარს ხარჯავს.
0
0