19/08/2022
14:00
მსოფლიო
უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსული საზოგადოება მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ბევრი დაინტერესდა რუსების შეხედულებებით მიმდინარე მოვლენებზე და გაჩნდა კითხვა - უჭერენ თუ არა რუსები მხარს ომს და პუტინის რუსეთს? და თუ უჭერენ, რა არის ამის მიზეზი?
სანამ რუსული საზოგადოების დღევანდელ აზრებსა და შეხედულებებზე ვისაუბრებთ, საგულისხმოა რუსეთში არსებული ვითარება, სურათი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია არ შეცვლილა.
პუტინი 18 წელზე მეტია სახელმწიფოს სათავეშია. რუსეთი არის ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი პირის ხელშია. ეს ნიშნავს, რომ პუტინი რუსეთში საზოგადოებრივ აზრს უკვე 18 წელია ქმნის. განათლების სისტემა, მედია, კონსტიტუცია, პოლიცია და სხვა.. საკმარისია იმისათვის, რომ ხალხს პროპაგანდით თვალები აუხვიო და შექმნა შენთვის მისაღები საზოგადოება. პუტინის ხელში, ფაქტობრივად, ახალი თაობები აღიზარდნენ და ლოგიკურია, თუ ვისი მხარდამჭერები არიან ისინი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი რუსული საზოგადოება, ინდოქტრინირებული და ჩამოყალიბებულია სახელმწიფოს მიერ. რთულია ადამიანმა შეინარჩუნოს საღი, ობიექტური აზრი, როცა სახელმწიფო, ათწლეულები, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასეთი აზრი არ გაგაჩნდეს.
პროპაგანდით და პუტინისტური აზრებით სავსე ქვეყანამ, რუსულ-უკრაინულ ომში, სულ სხვა მხრიდან შეხედა მოვლენებს.
ომის დაწყებისთანავე, რუსეთში დაიწყეს ოპოზიციურ აზრთან გამალებით ბრძოლა, რადგან ამას, საინფორმაციო ომი მოითხოვდა. კრემლის საწინააღმდეგო აზრის საჯაროდ და ღიად დაფიქსირებისათვის, პუტინმა 15 წელი თავისუფლების აღკვეთა დააწესა. ნებისმიერი სიახლისა თუ აზრის მთქმელი, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა რუსული არმიის ინტერესებს, უკვე ოფიციალურად იქნებოდა დაჭერილი და გასამართლებული. ამის ფონზე, რუსეთში, უბრალოდ გაქრა მონეტის ორი მხარე. დღესდღეობით, საზოგადოებას შეუძლია დაინახოს მხოლოდ რუსული სიმართლე - უკრაინელები ჩაგრავენ და აწამებენ რუსებს.
ომის პირველ დღეებში პუტინს მხარს მხოლოდ მოსახლეობის 69% უჭერდა, რაც მარტის ბოლომდე 83%-მდე გაიზარდა (რუსული არასამთავრობო კვლევის ცენტრის შედეგები).
რუსული დუმის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ საზოგადოების გასუფთავება გარდაუვალი იქნებოდა. პუტინმა ისაუბრა რუსი ხალხის ძალაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ გაშიფრონ მოღალატეები და გადმოაფურთხონ ისე, როგორც პირში შეფრენილი ბუზი.
ამის ფონზე, საზოგადოებაში პარანოიამ და შიშმა იმატა, რაც ალბათ, პუტინის მხარდამჭერთა 14%-იანი ზრდის მთავარი მიზეზია.
„Washingtonpost-ის“ სტატისტიკით, მარტში, ომს მხარს უჭერდა რუსების 58%, ეწინააღმდეგებოდა- 23%. ამ გრაფაშიც, ომის მხარდამჭერთა რიცხვი ომის მსვლელობასთან ერთად გაიზარდა.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოსა და მედიის ძალისხმევით რუსეთში სწორი, ობიექტური აზრი არ არსებობს.
შესაბამისად- რუსების უმრავლესობა კრემლის იდეებს იზიარებს.
https://www.washingtonpost.com/world/2022/03/08/russia-public-opinion-ukraine-invasion/
https://www.rferl.org/a/russia-military-false-news/31737627.html
https://www.theatlantic.com/ideas/archive/2022/04/russians-support-putin-invasion-popularity/629653/
მოამზადა: ალექსანდრე მთვრალაშვილმა
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024