19/04/2024
18:08
ბადაგონი
ავსტრიის, ბურგენლანდის სამეცნიერო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების მაგისტრატურის სტუდენტები ახალგაზრდა პროფესიონალები და ლექტორები, ბიზნესის შემსწავლელი ტურის ფარგლებში, კომპანია „ბადაგონს“ სტუმრობდნენ.
სტუდენტები და სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა პროფესიონალები, დასაქმებულნი არიან ბიზნეს- სექტორში და მათი ინტერესის სფეროა ქართული ეროვნული ბიზნეს ურთიერთობებისა და ბაზრის გაცნობა.
შეხვედრა რესტორან „ბადაგონის სახლში“ გაიმართა, სადაც კომპანიის მენეჯმენტმა სტუმრებს, „ბადაგონის“, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის განსახილველი თემა „ქართული ღვინის ბაზარი და საექსპორტო შესაძლებლობები“ იყო.
„ბადაგონი სახლის“ გუნდისა და ავსტრიის დელეგაციის წევრებმა საინტერესო დისკუსია გამართეს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ სხვადასხვა ბიზნეს სექტორების დინამიკასა და პროცესებზე.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ავსტრიელი სტუდენტები დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო მიდგომებით და გამოცდილებით. ასევე, საქართველოსა და რეგიონული ქსელების სპეციფიკია და განვითარების გაცნობით.
კომპანია „ბადაგონის“ ბრენდ მენეჯერის, ლევან მეგრელიშვილის თქმით, ავსტრიელ სტუმრებთან ქართული ღვინისა და კომპანიის მუშაობის შესახებ ისაუბრეს.
„ავსტრიელი სტუმრების ინტერესის სფეროა ქართული ბიზნეს სექტორი, კერძოდ კი, ღვინის სექტორი. შეხვედრის მთავარი თემა იყო, ქართული ღვინის ბაზარი, საექსპორტო პოტენციალი, სად იყიდება ჩვენი ღვინო, რომელ ბაზრებზეა პოპულარული. ასევე, რა წინაღობებს აწყდება, როდესაც ქართული ღვინო გადის ექსპორტზე და რა ხდება ლოკალურ ბაზარზე. მოგეხსენებათ, კომპანია „ბადაგონი“ ლიდერია ქართული ღვინის ექსპორტის მხრივ და ავსტრიელ სტუმრებთან გვქონდა საინტერესო დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მათ გავანდეთ ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ“ - აღნიშნა ლევან მეგრელიშვილმა.
დეგუსტაციის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ „ბადაგონის“ პრემიუმ ღვინოები.
მაღალპროფესიონალური და შთამბეჭდავი უწოდა კომპანია „ბადაგონთან“ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბიზნეს სწავლებათა ხელმძღვანელმა ალექსანდერ ბურკამ.
„კომპანია „ბადაგონის“ ღვინო, საოცარია. სიმართლე გითხრათ, მე წითელი ღვინის სახეობებით ვარ დაინტერესებული, თუმცა თეთრი ღვინო, რომელიც ამ საღამოს დავაგემოვნეთ, ნამდვილად არაჩვეულებრივია - ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრა იყო. ჩვენ აქ ვიმყოფებით ავსტრიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ეროვნული ბიზნეს ურთიერთობების სფეროს შესასწავლად. მივიღეთ საინტერესო ცოდნა მაღალ პროფესიონალურ დონეზე. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება ღვინის ექსპერტი. შეხვედრამ მასზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მოხარულები ვართ ვიზიტით და მადლობელი ვართ, რომ მოგვეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა.“ - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბიზნეს სწავლებათა ხელმძღვანელმა ალექსანდერ ბურკამ.
როგორც ავსტრიელმა სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართული ღვინო უნიკალურია და მას დიდი პოტენციალი აქვს ავსტრიაშიც.
"ინფორმაციული და ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო იმ მხრივ, რომ უკეთესად გაგიცანით და შევისწავლეთ ღვინის კულტურა საქართველოში, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და წამყვანი სფეროა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქართული ღვინო იმაზე უკეთესია, ვიდრე, ზოგადად, ცნობილია - განსაკუთრებით კი, ევროპაში. ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს ჩვენთან, ავსტრიის ბაზარზე. მიყვარს თქვენი ღვინო თავისი გამორჩეული მახასიათებლებით. ყოველთვის მაქვს მისი დაგემოვნების სურვილი და საღამოს, სიამოვნებით მივირთმევ", - აღნიშნა საერთაშორისო მარკეტინგის სტუდენტმა თეა მარკოვიჩმა.
ცნობისთვის, ავსტრიის დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღის წინ ეწვია და მათი მიზანი, საინტერესო, წარმატებული კომპანიებისა და ინსტიტუციების მონახულება, მოკლე დისკუსია და აზრების გაცვლაა.
0
0