12/08/2023
16:12
ეკონომიკა
მთავრობამ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესი დაამტკიცა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საშუამავლო კომპანიის მიერ, რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
ამავე წესის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის სტანდარტული ფორმა.
მთავრობის მიერ შემუშავებული წესის თანახმად, სერტიფიკატი გაიცემა კონკრეტულ საშუამავლო კომპანიაზე და დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა. ამასთან, სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
გარდა ამისა, საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ პირი ფლობდეს ამავე წესით განსაზღვრულ მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს.
მათ შორის, ფლობს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით), სულ მცირე, საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განმახორციელებელ ერთ პირზე 10 კვ. მეტრის კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, მისი კვადრატულობა არანაკლებ 4 მ2-ით იზრდება;
არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის შესაფერისი გარემო, მათ შორის, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები;
აქვს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;
არის შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის; აღჭურვილია სათანადო ინვენტარით და ა.შ.
0
0