25/04/2024
22:01
სამართალი
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან მოპარული უნიკალური გამოცემები საქართველოშია ნაპოვნი. საუბარია ასეულობით წიგნზე, რომლებიც სხვადასხვა ბინიდან და სარეალიზაციო ადგილებიდან არის ამოღებული.
ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული უნიკალური წიგნები, რომელიც ბრალდებულებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან მოიპარეს. დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი, მათ შორის ცოლ-ქმარი - მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე. დაკავებულთა ახლობლების ნაწილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ აქვთ.
ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ტალინი, ვარშავა, მიუნხენი - ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მძარცველებმა ძირითადად რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემები მოიპარეს. დაჯგუფების წევრები ბიბლიოთეკებში სტუდენტის, ან მკვლევარის სტატუსით შედიოდნენ, რის შემდეგაც ცნობილი მწერლების, მათ შორის პუშკინის, ლერმონტოვისა და გოგოლის უნიკალურ გამოცემებს, ყალბი ასლებით ცვლიდნენ. საქმეზე საქართველოს პროკურატურაში დღეს უცხოელ კოლეგებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთი, მათე ცირეკიძე უნიკალური წიგნების ძარცვის საქმეში ოჯახთან ერთად ფიგურირებს. სამართალდამცველებმა მასთან ერთად ხელბორკილები დაადეს მის მეუღლესაც. ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით კი ესტონეთში დააპატიმრეს მათე ცირეკიძის მამა, ბექა ცირეკიძე.
დაკავებულ ცირეკიძეებს კარგად იცნობენ ქართველი ბიბლიოგრაფებიც. მათ სახელს უკავშირდება იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკიდან 1826 წლით დათარიღებული პუშკინის უნიკალური წიგნებისა და ფუტურისტული გამოცემების ქურდობა. ბიბლიოთეკის დირექტორი "კურიერთან" იხსენებს, თუ როგორ შეცვალა დაწესებულებაში შვილთან ერთად მისულმა ბექა ცირეკიძემ რარიტეტული გამოცემები, ყალბი ასლებით.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. ოთხივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
14 ტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სამხილები. პროკურატურა დაკავებულების ბრალეულობაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ საქმის არსებითი განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდება.
ბიბლიოთეკების ძარცვის ტრანსნაციონალურ გამოძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი სამართალდამცველია ჩართული. საქმის სხვა ფიგურანტების დადგენისა და დაკავების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება. უკვე დაკავებულ პირებს კი 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
0
0