08/01/2024
22:31
სხვადასხვა
1977 წლის 8 იანვარს მოსკოვში მოხდა სსრკ-ს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ტერაქტების სერია - სამი აფეთქების შედეგად მეტროში, მაღაზიაში და ქუჩაში, 7 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.
როგორ მუშაობდნენ დეტექტივები ბილინგის, ყველა კუთხეში კამერებისა და დნმ-ის ექსპერტიზის გარეშე:
„პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მეტროს ვაგონში „იზმაილოვსკაიასა“ და „პერვომაისკაიას“ სადგურებს შორის. მეორე აფეთქდა ძერჟინსკის ქუჩაზე (ახლანდელი ბოლშაია ლუბიანკა) #15 სასურსათო მაღაზიის გაყიდვების ზონაში. მესამე - ნაგვის ურნაში, ოქტიაბრიას 25-ში (ახლანდელი ნიკოლსკაია), სასურსათო მაღაზია No5-თან.
გამოძიებას ხელმძღვანელობდა სსრკ „კგბ“, ოპერაციას ეწოდა კოდური სახელი "ბლასტერები". კვლევის დროს დადგინდა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა ცხედრებიდან ამოღებული ფრაგმენტები იყო თუჯის ბატის მოსამზადებელი ტაფის ნატეხები. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი პაწაწინა ფრაგმენტები იდენტიფიცირებული იყო, როგორც ელექტრო ბატარეის, გადამრთველის და მექანიკური მაღვიძარას ნაშთები. აფეთქების ადგილზე, ასევე, აღმოჩენილია ასაფეთქებელი ნივთიერების მიკრონაწილაკები.
ბევრი მასალის წარმოებისა და გაყიდვის ადგილების იდენტიფიცირების შემდეგ, გამომძიებლებმა გამოკვეთეს "საეჭვო" ქალაქების წრე, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოირჩეოდა - ერევანი, დონის როსტოვი და ხარკოვი.
ექსპერტებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ბომბების ელექტრო შედუღება ხდებოდა სპეციალური ელექტროდით, რომელსაც მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში იყენებდნენ. ამის საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი ტერორისტი თავდაცვის საწარმოში მუშაობდა.
ცალკეულ ფრაგმენტებზე დაყრდნობით, მათ აღადგინეს, თუ როგორ გამოიყურებოდა ტყავის საყიდლების ჩანთა, რომელშიც მომაკვდინებელი ტვირთი იყო გადატანილი. ტაფისა და ჩანთის ფოტოები ქვეყნის მასშტაბით პოლიციის განყოფილებებს გადაეგზავნა. მალე ტაშკენტის აეროპორტში ჩხრეკისას ზუსტად იგივე ჩანთიანი ქალი დააკავეს. შიგნით იყო ჩვეულებრივი ბარგი, მაგრამ ეტიკეტიდან შესაძლებელი გახდა მისი წარმოების ადგილის დადგენა - ქალაქი ერევანი.
აფეთქებულ ვაგონთან აღმოჩენილი იყო ლითონის სარჭის კვალიც, რომელიც ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილი იყო.
თუმცა, ტერორისტების იდენტიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მათ დაიწყეს ახალი ტერაქტის მომზადება. 1977 წლის შემოდგომაზე მოსკოვში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ჩავიდნენ. ის კურსკის რკინიგზის სადგურის მოსაცდელ ოთახში უნდა აეფეთქებინათ. დამნაშავეებმა ჩანთა სადგურზე დატოვეს, მაგრამ ის, თითქმის, ერთი დღე იყო ხალხმრავალ დარბაზში და არ აფეთქდა, რადგან ასაფეთქებელ მოწყობილობას ბატარეები დაუჯდა.
დარწმუნებული იყვნენ რა, რომ აფეთქება აუცილებლად მოხდებოდა, ჩანთიდან საკუთარი ტანსაცმელი არ ამოიღეს. ჩანთის საგამოძიებო დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს ცისფერი სპორტული ქურთუკი ოლიმპიური ნაქარგით ერევნიდან.
ჩანთაში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების მასაში ექსპერტებმა სპორები და მცენარის მტვერი აღმოაჩინეს, რისი წყალობითაც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ადგილის დადგენა შეძლეს.
კვლევამ აჩვენა, რომ მტვერი ეკუთვნის წითელ წიგნში შეტანილ რელიქტურ მცენარეს - ჯონჯოლს და იზრდება სსრკ-ს ტერიტორიაზე მხოლოდ ორ ადგილას, მათ შორის სომხეთში. [რედ: საქართველო]
ტერორისტები მოსკოვი-ერევნის მატარებელში დააკავეს. ისინი ერევნის მცხოვრებნი - ჰაკობ სტეპანიანი და ზავენ ბაღდასარიანი აღმოჩნდა. გამოძიებამ დაადგინა დანაშაულებრივი ჯგუფის მესამე წევრი სტეპან ზატიკიანი, რომელიც მუშაობდა ერევნის ელექტრომექანიკურ ქარხანაში.
1979 წლის 24 იანვარს სამივეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, ხოლო 30 იანვარს დახვრიტეს. სასამართლოსა და განაჩენის შესახებ ცენტრალურ პრესაში ერთადერთი მოკლე ინფორმაცია გამოქვეყნდა „იზვესტიაში“ 1979 წლის 31 იანვარს“.
0
0