18/04/2022
15:53
მსოფლიო
როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი "Москва", შავ ზღვაში ჩაძირვამდე, ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, "სერიოზულად დაზიანდა" და მთლიანი ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა". ხუთშაბათს, ნაშუადღევს სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო და გემი პორტში ბრუნდებოდა. თუმცა იმავე დღეს მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუქსირებისას "კორპუსის დაზიანების გამო გემმა წონასწორობა დაკარგა და ასევე მღელვარე ზღვის ზემოქმედებისას ის ჩაიძირა".
მოსკოვმა კრეისერზე ხანძრის გაჩენის მიზეზად კვლავ აფეთქება დაასახელა, ხოლო მასზე უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით თავდასხმას გამორიცხავს. თუმცა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კრეისერ "Москва-ს" ნეპტუნის (უახლესი უკრაინული წარმოების) ტიპის რაკეტები ესროლეს. პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმაც განაცხადეს, რომ გემს ორი უკრაინული „ნეპტუნის ტიპის“ რაკეტა მოარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრთა დაუზუსტებელი რაოდენობა დაიღუპა.
BBC-მ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.
რუსეთი ეკიპაჟის წევრთა დაღუპვას არ აღიარებს. შაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, სადაც ნაჩვენებია, ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში, აღლუმზე მყოფი "Москва-ს" ეკიპაჟი. რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალმა თქვა, რომ ოფიცრები და ეკიპაჟი „სამსახურს გააგრძელებენ“.
კრეისერ "Москва-ს" ისტორია
რუსული მედიის ცნობით, კრეისერი უკრაინაში, საბჭოთა პერიოდში, აშენდა, ხოლო ექსპლუატაციაში 1980-იანი წლების დასაწყისში შევიდა. კრეისერს რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში ორჯერ ჩაუტარდა მოდერნიზაცია - ბოლოს კი, 2022 წელს, როდესაც სამხედროებმა განაცხადეს, რომ "Москва-ს" ექსპლუატაციის ვადამ 2040 წლამდე გადაიწია. მოდერნიზაციის შემდეგ "Москва-ს" შეიარაღებას 16 ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები „ვულკანი“ (Vulkan) წარმოადგენს. გემმა ათზე მეტი საზენიტო რაკეტა „ვულკანი“ (Vulkan) და დიდი რაოდენობის წყალქვეშა და ნაღმსაწინააღმდეგო იარაღი გადაზიდა. 1999 წელს, კრეისერი, უკვე სახელწოდებით "Москва", შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზაზე - სევასტოპოლში გაგზავნეს.
„სლავის კლასის (საბჭოთა აღნიშვნა) კრეისერი "Москва" რუსეთის აქტიურ ფლოტში სიდიდით მესამე იყო და ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად დაცულ რესურსს წარმოადგენდა,“ - განუცხადა BBC-ს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა სამხედრო-საზღვაო სფეროში, ჯონათან ბენთამმა.
„კრეისერი აღჭურვილი იყო სამ-იარუსიანი საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომელიც გამართულად მუშაობის შემთხვევაში, გემს სამ შესაძლებლობას მისცემდა „ნეპტუნის“ სარაკეტო თავდასხმისგან თავის დასაცავად. საშუალო და მოკლე დისტანციური თავდაცვის სისტემის გარდა, შესაძლებელი იყო ახლო მოქმედების 6 საჰაერო თავდაცვის სისტემის, როგორც ბოლო თავდაცვითი საშუალების, ჩართვა (CIWS).
„Москва" 360-გრადუსიანი საჰაერო თავდაცვის სისტემით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ახლო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემას წუთში 5000 ჭურვის გასროლა შეუძლია, რაც არსებითად უზრუნველყოფს კრეისერს საზენიტო (საბოლოო თავდაცვითი) საშუალებით. თუ დადასტურდა, რომ გემზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ეს კითხვებს იწვევს რუსეთის ზედაპირული ფლოტის მოდერნიზებასთან დაკავშირებით: ჰქონდა თუ არა მას საკმარისი საბრძოლო მასალა ან ჰქონდა თუ არა ინჟინერიის თვალსაზრისით პრობლემები? არსებითად, შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ამ სამ-იარუსიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის მქონე გემზე სარაკეტო დარტყმის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა”, - დასძინა სამხედრო ექსპერტმა.
ამავე დროს, კიევის სამხედრო ჩინოვნიკების განცხადებით, მათ კრეისერ „Москва-ს" უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს. „ნეპტუნის“ ტიპის საკრუიზო სარაკეტო სისტემა უკრაინელი სამხედრო ინჟინრების მიერ შეიქმნა შავ ზღვაში რუსული საზღვაო საფრთხის ზრდის (2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ) საპასუხოდ.
Kyiv Post-ის ინფორმაციით, უკრაინის საზღვაო ფლოტს 300 კმ-იან დისტანციაზე მართვადი „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები პირველად მხოლოდ 2021 წლის მარტში მიეწოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, ქვეყანამ დასავლელი მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარება (მათ შორის, გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთიდან 100 მილიონი ფუნტის ღირებულების საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები) მიიღო.
„სამხედრო ხომალდი „Москва" შავ ზღვაში განლაგებული რუსეთის საზღვაო ძალების სიმბოლო იყო", - განუცხადა BBC-ს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მაიკლ პეტერსენმა.
„Москва" უკრაინელებისთვის ეკალივით იყო ამ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღიდან”, - თქვა პეტერსენმა და დასძინა, რომ მისი განადგურება ”უკრაინელებისთვის ნამდვილი მორალური სტიმული იქნება”.
0
0