29/12/2022
16:42
მედიცინა
ადამიანს 5 მთავარი გრძნობა გააჩნია: მხედველობა, სმენა, შეხება, სუნი და გემო. ჩვენ ვტკბებით პეიზაჟების ცქერით, კლასიკური მუსიკის მოსმენით, ფუმფულა სათამაშოების მოფერებით, ყვავილების სურნელით და კულინარიული შედევრების დაგემოვნებით. ჩვენი გრძნობები სამყაროს შეცნობაში და მისი მშვენიერების გამოცდაში გვეხმარებიან.
თუმცა, წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა თქვენი სამყარო, თუ წვიმის ხმის გაგონებისას ლურჯი ფერი წარმოგიდგებოდათ თვალწინ, ჩიტების ჭიკჭიკის გაგონებისას კისერში ღიტინს იგრძნობდით, მიუხედავად იმისა, რომ არავინ გიღიტინებთ, „-ოვანი“-თ დამთავრებული სიტყვების გაგებისას ყურძნის გემო გიჩნდებოდეთ პირში, ან პარასკევი ხუჭუჭათმიანი დისკოს მოცეკვავე გეგონოთ?
ეს სიმპტომები სინესთეზიას აღწერს.
რა არის სინესთეზია?
სინესთეზია ნეიროლოგიური და ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც ადამიანის თვისებად ვლინდება. ადამიანებს, რომლებსაც სინესთეზია აქვთ, სინესთეზები ეწოდებათ. ისინი ერთ გრძნობასთან ერთად თავისდა უნებურად მეორე ან რამდენიმე სხვა იმ ერთისგან დამოუკიდებელ გრძნობასაც განიცდიან. თვითონ სიტყვა ანესთეზიაც ბერძნულიდან წარმოიშობა და გრძნობების („ესთეზია“) სიმრავლეს („სინ“) ნიშნავს.
სინესთეზია საკმაოდ იშვიათი ნეიროლოგიური თვისებაა, რომელიც კვლევების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 3-5% აქვს. სენესთეზიის სიხშირეც კი, განხილვის საგანია, რადგან ზოგი მეცნიერის აზრით, სინესთეზია 2000-ში, მხოლოდ ერთს აქვს.
მარცხენა ფოტოზე: როგორ ხედავს ლათინურ ანბანს ჩვეულებრივი ადამიანი
მარჯვენა ფოტოზე: როგორ ხედავს ანბანს სინესთეზი
სინესთეზიის ფენომენი სრულად არ არის გამოკვლეული. მეცნიერთა უმრავლესობა ერთ აზრზეა - სინესთეზების ტვინის სტრუქტურა ჩვეულებრივი ადამიანებისასგან გასხვავდება.
სინესთეზია გენეტიკურადაა გამოწვეული და ტვინში ნერვების კავშირების სიჭარბეს განაპირობებს. ჩვეულებრივ, ერთეული გრძნობების მართვა განცალკევებულ, დამოუკიდებელ ტვინის მოდულებს (ნეირონების კავშირების „ბილიკებს“) აბარიათ. ცალკეული გრძნობებისთვის განკუთვნილი მოდულების ერთმანეთთან შერევა არ ხდება და მათ შორის უკუკავშირი არ არსებობს. სინესთეზების ტვინში ნერვული კავშირების სიმრავლის გამო, ეს დაყოფის პრინციპი ირღვევა, რის შედეგადაც გრძნობების დაწყვილება ხდება.
მაგალითად, პოსიტრონ-ემისიური და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიები აჩვენებენ, რომ სინესთეზების ტვინში, რომლებსაც „შეფერილი სმენა“ აქვთ, ხმოვანი სტიმულის საპასუხოდ მხედველობითი რეგიონებიც აქტიურდება.
ამასთან ერთად, გრძნობების ასოციაციები დროსთან მიმართებაში მდგრადი და უცვლელია. თუ 6 წლის ასაკში სინესთეზი სიტყვა „ქალაქის“ გაგონებისას ღია მწვანე ფერს ხედავს, 60 წლის ასაკშიც ღია მწვანეს დაინახავს.
სინესთეზიის სახეობები
სინესთეზიის 80-ზე მეტი სახეობა არსებობს. ჩვენ მათგან რამდენიმე საინტერესო მაგალითი ამოვარჩიეთ.
ქრომესტეზია
ყველაზე გავრცელებული სინესთეზიის სახეობები ერთ-ერთი გრძნობის პარალელურად, ფერების დანახვასთან არის დაკავშირებული. ქრომესტეზიის შემთხვევაში, გარკვეული ხმები კონკრეტული ფერის დანახვას იწვევს - მანქანის სიგნალი გესმით და ფორთხლისფერს ხედავთ.
მხატვარი ჯულია ჰამილტონი თავის სინესთეზიას შთაგონებად იყენებს. ის მუსიკის მოსმენის დროს ფერებს და სივრცულ ფორმებს ხედავს, რომელიც შემდეგ ტილოზე გადააქვს. ზემოთა ნახატის “მუზად” Sade-ს სიმღერა “Sweetest Taboo” იქცა.
სარკის სინესთეზია
ადამიანებმა, რომლებსაც სარკის სინესთეზია აქვთ, შესაძლოა, განიცადონ ფიზიკური შეხება, სხვა ადამიანის ყურების დროს, რომელსაც ეხებიან. ასეთი სინესთეზი სხვა ადამიანის მდგომარეობას „ირეკლავს.“ წარმოიდგინეთ როგორი იქნება საშინელებათა ფილმის ყურება.
კალენდრული სინესთეზია
რა ფერია ოთხშაბათი? აპრილი? ზოგიერთი სინესთეზი დროს, ფერებად და გეომეტრიულ ფორმებად აღიქვამს.
ეს ოვალი კალენდრული სინესთეზიის მქონე ადამიანისთვის. შესაძლოა წელს გამოსახავდეს.
ლექსიკურ-გემოვნებითი სინესთეზია
ამ იშვიათი სახეობა სინესთეზიის შემთხვევაში, სიტყვებსაც კი გემო აქვთ.
სინესთეზი ჯ. ვანერტონს რომ ჰკითხოთ, ლონდონის ყველა მეტროს სადგურს თავისი გემო აქვს - „მაილ ენდს“ ფრჩხილების, ხოლო „ბეთნალ გრინს“ მოხარშული კომბოსტოს.
ვანერტონისთვის, არა მარტო სიტყვებს, ადამიანებსაც გემო აქვთ. მის მეზობლებს იოგურტის, „ჯელი ბინსის“ (ტკბილეულის სახეობა) და ცვილის გემო ახასიათებთ.
ეს ჯ. ვანერტონის მიერ შედგენილი ლონდონის მეტროს რუკაა, რომეზეც ყოველ სადგურს საკუთარი გემო აქვს - სოსისი და შემწვარი კვერცხის, ნიახურის, დამწვარი ასანთის, მოხარშული კარტოფილის და ა.შ.
ამ უცნაურ ფენომენს თავისი უპირატესობები გააჩნია. ამბობენ, რომ სინესთეზია კრეატიულობას და კარგ მახსოვრობას უწყობს ხელს.
დანიელ ტემეტმა, რომელსაც დაბადებიდანვე რამდენიმე სახეობის სინესთეზია ერთად აქვს, ირაციონალური რიცხვი პის პირველი 22 514 ციფრი დაიმახსოვრა.
სინესთეზია ჰქონდათ: მხატვრებს ვასილ კანდინსკის და ვან გოგს, მწერალს ვასილი ნაბოკოვს, მომღერლებს- ბილი ჯოელს და ფარელ უილიამსს და ლეგენდარულ თანამედროვე კომპოზიტორს, ჰანს ციმერს.
უი, და კიდევ, თაგვს რემის „რატატუიდან.“
რას იტყვით, თქვენც ხომ არ ხართ სინესთეზი?
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0