30/03/2023
16:18
მედიცინა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ძირითადი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია და იქ თანამედროვე ტიპის სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია. ამის შესახებ ცერცვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცერცვაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქვეყანას ერთი მრავალპროფილური, დიდი, მძლავრი, მინიმუმ 400-500 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
„ჩემი პოზიცია ასეთია: სახელმწიფოს აუცილებლად და უპირობოდ სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები. იცით, როდესაც თავის დროზე ჯანდაცვის სექტორში პრივატიზაცია განხორციელდა, ცოტა გადავამლაშეთ. სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი კერძო მფლობელების ხელში გადავიდა, პროცენტულად გაცილებით მეტი, ვიდრე საერთაშორისო პრაქტიკით ყველაზე წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებშია.
ეს კარგი არ გამოდგა. პრაქტიკულად, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ერთეული სამედიცინო დაწესებულებები რჩება, რაც ხელმისაწვდომობას და ხარისხსაც ზღუდავს. კერძო სექტორს კონკურენტუნარიან გარემოში საქმიანობა არ უხდება. არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენ, ზოგადად, ფართო მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებას დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, წამყვანი კერძო სექტორი უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფოს თავის მმართველობაში გარკვეული წილი უნდა ჰქონდეს, რითაც ამ დარგებს კონკურენტუნარიანს გახდის.
სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება ქვეყანაში ერთი მაინც მრავალპროფილური, დიდი, მძლავრი საუნივერსიტეტო კლინიკა.
ჩემი მოსაზრება ასეთია: როგორც აღვნიშნე, ქვეყანას ერთი მრავალპროფილური, დიდი მძლავრი, მინიმუმ 400-500 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს. დღეს ასეთი საავადმყოფო არათუ სახელმწიფო დაქვემდებარებაში არ არის, არამედ არც კერძო სექტორშია.
სად უნდა იყოს ასეთი საავადმყოფო? რა თქმა უნდა, ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაა. ყველაფერი დანარჩენი იქნება მანიპულირება და სპეკულირება. იქ ამისთვის ყველა პირობაა: ძალიან დიდი ფართობი, სატრანსპორტო თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცენტრალურ რაიონშია, ამავე დროს, მთლად ცენტრშიც არა. იქვე გვერდითაა ძირითადი სამედიცინო უნივერსიტეტი, იქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ძალიან სერიოზული, ულტრათანამედროვე კლინიკა.
ის, რაც დღესაა, ამ სახით მისი შენარჩუნება სწორი არ იქნება, ვინაიდან ის ამორტიზებულია, ფაქტობრივად, ორ ათეულ წელზე მეტია ქართული სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვერ ასრულებს. კი, იქ მაღალი დონის კლინიკებია შენარჩუნებული, ასევე, არის მაღალპროფესიონალური დონის სამედიცინო პერსონალი, მაგრამ ის რესურსი და ფართობი, რაც უნდა იყოს, სულ 10 %-ით, ან შეიძლება 15% – ითაა გამოყენებული. შენობის ძირითადი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია და იქ თანამედროვე ტიპის სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია. გასული 2 ათეული წლის მანძილზე იყო რამდენიმე მცდელობა, განსაკუთრებით – წინა ხელისუფლების დროს. ძველი ხელისუფლების დროს რესპუბლიკური საავადმყოფო 2-ჯერ, თუ 3-ჯერ გაიხსნა. გახსნა იყო ფასადური, ბუტაფორიული. რეალურად იქ კოსმეტიკური შელამაზება და გარემონტება მოხდა. გაიხსნა და ისევ დაიხურა. ვერ ფუნქციონირებდა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც უნდა ყოფილიყო. არაერთი გეგმა შედგა, პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე რადიკალურად ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024