20/10/2021
17:28
საზოგადოება
„დღეს არსებულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გრიპის ვაქცინაციის ფარგლებში რამოდენიმე მოქალაქე იყო აცრილი, რომელიც როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ხორციელდებოდა ექიმების მხრიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ ვაქცინაციაზე შეტყობინება. ასევე, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ პროცესს ახორციელებდა ექიმი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სერტიფიკატი და მას არ ჰქონდა უფლება, საერთოდ საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა. აღნიშნული ექიმი უკანონო საქმიანობას 2020 წელს ახორციელებდა, რა დროსაც რეგულირების სააგენტოს მხრიდან გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობა, მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში. ამჟამად რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებაში, ადგილზე უფრო დეტალურად სწავლობენ ყველა ფაქტს და სრულ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ.
მისივე თქმით, კლინიკაში ინექცია 35-მდე ადამიანს გაუკეთდა.
„დაახლოებით 35-მდე ადამიანი იქნა აცრილი. წინასწარ ასე თქმა არ შეგვიძლია, რადგან ამას სჭირდება ექსპერტიზა, თუ რა იყო მოთავსებული ასაცრელი სითხის სახით. წინასწარ იმის თქმა შეიძლება, რომ ცე ვიტამინი იყო, თუმცა ამას ექსპერტიზა გასცემს პასუხს. კლინიკას, რომელიც ახორციელებდა აღნიშნულ საქმიანობას, არ ჰქონდა ამის უფლება, იმუნიზაციის შეტყობინება არ ჰქონდა გამოგზავნილი. თაღლითია და ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა ჩვენი მოქალაქეები, გაეკეთებინა ის სითხე, რომელიც არ იყო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და ამაში მათ თანხას ართმევდა“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
რაც შეეხება სანქციებს, ზაალ კაპანაძის თქმით, რეგულირების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იკვეთება უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი ექიმის მხრიდან, რაზეც არის ადმინისტრაციული ჯარიმა.
„თუ ნიშნები, რომელიც გამოიკვეთება, შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, აღნიშნული საქმე გადაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში და როგორც ექიმი, ასევე კლინიკის მესვეურები, იმ პროპორციით აგებენ პასუხს, რა პროპორციითაც მიუძღვით წვლილი. სანქცია დაეკისრება როგორც კლინიკას, ასევე ექიმს“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
მისივე ცნობით, აღნიშნული ექიმი 2020 წელს სხვა კლინიკაში ეწეოდა უკანონო საექიმო საქმიანობას.
„რეგულირების სააგენტომ გამოავლინა მისი უკანონო საქმიანობა. ჰქონდა ოთხი სერტიფიკატი: ფსიქიატრია, ნევროლოგია, საოჯახო მედიცინა და შინაგანი სნეულება, რომლის საშუალებითაც ის სხვადასხვა ტიპის კონსულტაციას ეწეოდა. ეს იყო ყალბი და გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში. დღეს არსებული კანონმდებლობით, ამბულატორიული ტიპის დაწესებულება, ის დაწესებულება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას და მხოლოდ სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე შეუძლია, აწარმოოს საქმიანობა. აღნიშნული კანონი 2009 წელს არის მიღებული, თუმცა ამ კუთხით სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, სადაც კლინიკის ბაზარზე, ქსელში დაშვების მექანიზმი უფრო გართულებული იყო იმისთვის, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი შემთხვევები. გადაგზავნილია პარლამენტში, ალბათ პარლამენტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით, წინასწარი ნებართვა იქნება საჭირო და მხოლოდ შეტყობინებას არ დაექვემდებარება“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
0
0